მსოფლიო ჩემპიონატი იწყება +100 კგ წონითი კატეგორია | პრევიუ
7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.
ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონითი კატეგორიის ასპარეზობას თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა, 13 მაისს, ბოლო საშეჯიბრო დღეს, +100 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი იასპარეზებს.
ტიტულები და გზა ეროვნული ნაკრებისკენ
28 წლის ქართველმა ფალავანმა - გურამ თუშიშვილმა, ეროვნულ ნაკრებში პირველად 2014 წელს, თბილისის გრან პრიზე იჭიდავა, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ, 2016 წლამდე იგი ახალგაზრდულ ნაკრებში იბრძოდა, სადაც ევროპის ჩემპიონობა 2-ჯერ მოიპოვა, ხოლო 2011 წელს კადეტებში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
გურამის პირველი ნაბიჯები ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის პარიზის გრანდ სლემიდან დაიწყო, სადაც მან მეხუთე ადგილი დაიკავა, მოგვიანებით კი ბაქოს გრანდ სლემი მოიგო და ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრებაც შეძლო.
ევროპის ჩემპიონატი |
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი 2017 წელს, ვარშავაში გახდა, სადაც მან ფინალში ქართველი - ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა.
მას შემდეგ კი ზედიზედ 3 წელია რაც ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებს იღებს (2020, 2021, 2022 წლები).
მსოფლიო ჩემპიონატი |
თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა 2018 წელს, ბაქოში შეძლო, სადაც მან ფინალში წარმოშობით ქართველი, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე - უშანგი კოკაური დაამარცხა.
ოქროს მედლის გარდა გურამს მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალიც აქვს მოპოვებული, რომელიც 2022 წელს, ტაშკენტში მოიგო.
ოლიმპიური თამაშები |
28 წლის ქართველ ფალავანს მცირედი დააკლდა ოლიმპიური ჩემპიონობამდე. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, თუშიშვილმა ფინალში, ლეგენდარულ ჩეხ ძიუდოისტთან - ლუკაშ კრპალეკთან ძალიან დასანანი მარცხი იწვნია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონობაც ძალიან დიდი საქმეა.
გრანდ სლემები |
თუშიშვილს გრანდ სლემებზე 5 მედალი აქვს მოპოვებული, აქედან 4 ოქროსია, ხოლო 1 კი ბრინჯაოსი.
ოქრო - ბაქოს გრანდ სლემი (2017 წელი); დიუსელდორფის გრანდ სლემი (2022 წელი); თელ ავივის გრანდ სლემი (2022 წელი); ანტალიის გრანდ სლემი (2022 წელი).
ბრინჯაო - თელ ავივის გრანდ სლემი (2021 წელი).
მასტერსები |
ქართველ ფალავანს მასტერსებზეც საკმაოდ წარმატებული სვლა აქვს. თუშიშვილის ანგარიშზე მასტერსის 2 ოქროს მედალია.
ოქრო - სანქტ-პეტერბურგის მასტერსი (2017 წელი) და გუანჯოუს მასტერსი (2018 წელი).
+100 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტები იასპარეზებენ. გამოსარჩევია იაპონიის ნაკრები, “გოძილები” უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ, ეს წონა კი მათთვის ერთგვარი სიახლეა, რადგან +100 კგ წონით კატეგორიაში მათ უძლიერესი წარმომადგენელი, ძალიან ახალგაზრდა - ტაცურუ საიტო ჰყავთ.
საიტოს გარდა, +100 კგ წონით კატეგორიაში უძლიერესი სპორტსმენები გამოდიან, ამ ყველაფერს კი ის ფაქტიც დაემატა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს - ტამერლან ბაშაევი, რომელიც ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ბაშაევის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე იასპარეზებს, ლეგენდარული - ტედი რინერი.
სამწუხაროა, რომ გურამ თუშიშვილი ამ წონითი კატეგორიის მეცხრე ნომრად არის განთესილი, შესაბამისად საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ ქართველ ფალავანს ურთულესი ბადე შეხვდეს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით,+100 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები შემდეგი ძიუდოისტები იქნებიან.
- ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი)
- ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი)
- ენდი გრანდა (კუბა)
- ტაცურუ საიტო (იაპონია)
- რაფაელ სილვა (ბრაზილია)
- კოკორო კაგეურა (იაპონია)
- გურამ თუშიშვილი (საქართველო)
- ტედი რინერი (საფრანგეთი)
- ტამერლან ბაშაევი (რუსეთი)
- ინალ ტასოევი (რუსეთი)
გურამ თუშიშვილს ტატამზე 13 მაისს ვიხილავთ.