მსოფლიო რეიტინგი განახლდა | ლოლაძის, ინანეიშვილისა და ჯავახიშვილის დიდი წინსვლა რეიტინგში
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ზაგრების გრან პრიზე გამოსვლა 2 მედლით დაასრულა - ოქროს მედალი გიორგი ლოლაძემ (73 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი ზედიზედ მესამედ დასჯერდა - საბა ინანეიშვილი (+100 კგ).
ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც ქართველებს, რომლებმაც ზაგრებში კვარცხლბეკზე ასვლა შეძლეს, დიდი წინსვლა აქვთ.
73 კგ
22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა - გიორგი ლოლაძემ, ზაგრების გრან პრიზე ბრწყინვალედ იასპარეზა და საბოლოოდ IJF ტურში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ამ გამარჯვებით გიორგი ლოლაძემ მსოფლიო რეიტინგში 500 სარეიტინგო ქულა დაიმატა, რითაც 23 პოზიციით წინ წაიწია და ახლა იგი წონის 30-ე ნომერია, სადაც მის ანგარიშზე 1593 სარეიტინგო ქულაა.
90 კგ
90 კგ-ში მეხუთე პოზიციაზე გავიდა - ლუკა ჯავახიშვილი. ლუკამ მე-5 პოზიციაზე გასვლით მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დაიმატა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ წავიდა და ახლა იგი 27-ე ნომერია, რომლის ანგარიშზე 1388 სარეიტინგო ქულაა.
+100 კგ
საბა ინანეიშვილმა ტრავმის შემდეგ 3 შეჯიბრზე მიიღო მონაწილეობა და ზედიზედ მესამედ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. საბამ ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებით 160 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და ახლა იგი 2295 სარეიტინგო ქულით, მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერია.