ზაგრებში წილისყრა შედგა | ქართველების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები ცნობილია
დღეს, 13 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ზაგრების გრან პრიმ აიღო სტარტი, სადაც ქართველი ძიუდოისტები საქმეში უკვე ხვალიდან, 14 ნოემბრიდან ჩაერთვებიან.
საქართველოს ნაკრები ზაგრებში 7 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც შვიდივე მამაკაცია.
73 კგ
73 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას: გიორგი ტერაშვილი და გიორგი ლოლაძე დაიცავენ.
გიორგი ლოლაძე B ბადეშია განუთესავი, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე რაუნდიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე, ლატვიელი - ანტონი დე ანგელისი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი, გიორგი შემდეგ ეტაპზე, ბრაზილიურ-კოლუმბიურ დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება გიორგი ტერაშვილს, გიორგი D ბადეშია განუთესავი და პირველივე რაუნდში, სლოვაკ - ტომას დემჩაკს შეხვდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, ტერაშვილის მეტოქე, უკრაინის სახელით მოასპარეზე - საიდ-მაგომედოვ ხალიდოვი იქნება.
81 კგ
81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ: გიორგი შერაზადიშვილი და ზაურ დვალაშვილი იასპარეზებენ.
შერაზადუშვილი A ბადეშია განთესილი და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც პუერტორიკოელ - ადრიან გრანდას შეხვდება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, კანადელი - ფრანსუა გოტიე-დრაპო იქნება.
რაც შეეხება ზაურ დვალაშვილს, იგი D ბადეშია განთესილი და მეორე რაუნდიდანვე, სერბ - ალეკსა ბუბალოს დაუპირისპირდება, მესამე რაუნდში გასვლის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, კანადელი - ოლივიერ განონი იქნება.
90 კგ
90 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას, ახალგაზრდულებში მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ლუკა ჯავახიშვილი დაიცავს.
ლუკა C ბადეში დაიწყებს მეორე რაუნდიდან, სადაც რუმინელ - ვლად ვისინს შეხვდება. მესამე რაუნდში გასვლის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, ნორვეგიულ-სლოვაკურ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.
100 კგ
100 კგ-ში იჭიდავებს თორნიკე ფოლადიშვილი.
თორნიკე განუთესავია და ასპარეზობაში პირველივე რაუნდიდან ერთვება, სადაც მას მაკედონიელი მეტოქე - ნიკოლა პავლოვსკი ეყოლება. მაკედონიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, თორნიკეს მეტოქე, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი - ჟორჟ ფონსეკა იქნება.
+100 კგ
მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას საბა ინანეიშვილი დაიცავს.
საბა D ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ერთვება, სადაც იგი ავსტრიულ-სლოვაკურ დაპირისპირებაში მეტოქეს დაელოდება.
ზაგრების გრან პრის წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:45 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი სტარტს 20:00 საათიდან აიღებს.