მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | დღე IV - ტატამზე ტატო გრიგალაშვილს ვიხილავთ
2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
მესამე საშეჯიბრო დღეს კიდევ ერთი მედალი მოვიპოვეთ - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის დაძაბულ ფინალში იაპონელ აკარი ომორისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ასე და ამგვარად, განვლილი 3 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალია, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
წინ მეოთხე საშეჯიბრო დღეა, სადაც ტატამზე 3-გზის მსოფლიო ჩემპიონს - ტატო გრიგალაშვილს ვიხილავთ, რომელიც ზედიზედ 5 წელია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჭიდაობს, საიდანაც 3-ჯერ შეძლო გაჩემპიონება, 2-ჯერ კი დამარცხდა.
პრევიუ
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებისა და მსოფლიო ძიუდოს მთავარ ვარსკვლავს, ტატო გრიგალაშვილს, წილისყრამ საკმაოდ კომფორტული და იდეალური ბადე არგუნა.
ქართველი ფალავანი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს. გრიგალაშვილი სტარტზე გაერთიანებული არაბთა საამიროებისა და ბულგარეთის წარმომადგენელთა დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაელოდება, სადაც ტატო გამოკვეთილი ფავორიტი იქნება.
ტატოს საჩემპიონო შანსებს კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ ტურნირს ორი უმთავრესი კონკურენტი ჩამოშორდა - ასპარეზობას გამოაკლდნენ იაპონელი - ტაკანორი ნაგასე და რუსი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ტიმურ არბუზოვი. ამასთანავე, გრიგალაშვილისთვის ბადის ზედა ნაწილი პრაქტიკულად სუფთაა სერიოზული საფრთხეებისგან, რადგან მისი წონის სხვა უძლიერესი ძიუდოისტები, მათ შორის ბელგიელი - მატიას კასე და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე - ზელიმ ცკაევი, ბადის სრულიად საპირისპირო მხარეს მოხვდნენ და ერთმანეთს, სავარაუდოდ, უკვე მეოთხედფინალშივე დაუპირისპირდებიან.
შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ძიუდოს ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ტატო გრიგალაშვილი ტურნირის უპირობო და მთავარი ფავორიტია. თუ ქართველი ჩემპიონი საკუთარ სტაბილურობას შეინარჩუნებს, მას აქვს ყველა წინაპირობა და უნიკალური შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალს კიდევ ერთხელ დაეუფლოს და კარიერაში მეოთხედ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი.
წინასწარი დაპირისპირებები თბილისის დროით 10:30 საათზე აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.