Belive

"მოედანზე უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთ" - ქართველები ყაზახეთში ჩემპიონობას უახლოვდებიან

1 თვის წინ ქართული სპორტი
9 წთ

ორი ქართველი ლეგიონერი, გიორგი ზარია და ლუკა გადრანი, ყაზახეთის ჩემპიონატის ოქროს მედლებისათვის იბრძვის. მათი გუნდი, ალმაატის "ქაირათი", 23 ტურის შემდეგ 44 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, უახლოეს მდევარ და მთავარ მეტოქე "ასტანას" მინიმალური სხვაობით უსწრებს და ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია. გუნდი საკუთარ თავზეა დამოკიდებული: დასკვნით ტურში "ატირაუსთან" სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრაში 3 ქულა და ისტორიაში მეოთხედ და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, "ქაირათი" ჩემპიონი გახდება.

მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ქართველ ნახევარმცველს ყაზახეთში დავუკავშირდით და საინტერესო თემების შესახებ ვესაუბრეთ.

საქართველოში წარმატებული სეზონები გაატარე და ქვეყნის ჩემპიონობა "დინამო თბილისსა" და "დინამო ბათუმში" რამდენჯერმე მოიგე, ამის შემდეგ ქვეყნის ფარგლებს მიღმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტე. ყაზახეთში სადებიუტო სეზონი საკმაოდ კარგი გამოდის: გოლები, საგოლე პასები, გუნდის ლიდერობა და გუნდურადაც წარმატებული ჩემპიონატი, როგორ აფასებ მიმდინარე სეზონს?

საქართველოს ჩემპიონატი "დინამო თბილისთან" და "დინამო ბათუმთან" ერთად ორ-ორჯერ მოვიგე, მაგრამ ვთვლი რომ განსაკუთრებით კარგი პერიოდი ბათუმში გავატარე, რისთვისაც გუნდს და გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გადავუხადო.

ყველაფრისათვის მათ მადლობას ვუხდი, უბრალოდ ვთვლი, რომ საქართველოს ჩემპიონატში საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე და ცვლილებების დრო მოვიდა: ამიტომაც გადავწყვიტე ყაზახეთის ჩემპიონატში გადასვლა.

ყაზახეთის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონი ნამდვილად წარმატებული გამოდის, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდური კუთხით. პროგრამა მინიმუმის შესრულება უკვე შევძელით და ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. ახლა წინ გადამწყვეტი მატჩი და საჩემპიონო ბრძოლაა. ვცდილობ გუნდისათვის მაქსიმალური გავაკეთო, იმედია ეს ყველაფერი კარგად გამომდის. მინდა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინო.

როგორია შენი შთაბეჭდილებები ყაზახეთის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ და ის ძირითადი განსხვავებები, რაც საქართველოს ჩემპიონატთან იგრძენი, როგორც სპორტული, ისე მთლიანად საფეხბურთო გარემოს კუთხით?

რა თქმა უნდა, ყაზახეთისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. საქართველოში აქცენტი უფრო მეტად ტექნიკურ ფეხბურთსა და ტაქტიკურ მომზადებაზე კეთდება, რაც შეეხება ყაზახეთს, აქ დიდი მნიშვნელობა ფიზიკურ მომზადებას ენიჭება. როცა გუნდში მოვედი ფიზიკური მომზადების კუთხით გარკვეული დაბრკოლებები შემხვდა, მაგრამ ვთვლი, რომ მოვუმატე, გაუმჯობესდი და ყველაფერი მარტივად გადავლახე.

ასევე, დიდი ყურადღება კარგი და ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანას ექცევა.

ყაზახური გუნდები ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ხშირად და პრაქტიკულად, ყოველწლიურად თამაშობენ, "ასტანა", "ქაირათი" და სხვა გუნდებიც ინერციით უფრო შორს მიდიან. როგორ ფიქრობ, რა არის ძირითადი ფაქტორი, რომლის გამოც, ყაზახური გუნდები ევროპულ ტურნირებზე წარმატებას აღწევენ?

როგორც უკვე გითხარით, ყაზახეთის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანის კუთხით საკმაოდ კარგად აქვთ საქმე. ისინი სელექციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, აქ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჩამოდის, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში არ თამაშობს.

ჩვენს ლიგაში ალბათ ორი გამორჩეული ლეგიონერი შეგვიძლია გამოვყოთ, ჯოვინო ფლამარიონი და და ჩისკო მუნიოსი: მათ თავიანთი გუნდებისათვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, ხალხსა და გულშემატკივარს თავიანთი სახელი დაამახსოვრეს. ყაზახეთის ჩემპიონატში მუდმივად ცდილობენ, რომ ასეთი დონის ლეგიონერები რაც შეიძლება ხშირად ჩამოიყვანონ.

გუნდში მოსვლისას ლუკა გადრანი დაგხვდა, ახლა უკვე საქართველოს ნაკრების მცველი, რომელიც გასულ წლებში ყაზახეთის ჩემპიონატში, უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. რამდენად დიდი კომფორტია გუნდში შენი თანამემამულის ყოლა?

იქამდე, ვიდრე "ქაირათში" გადმოსვლას დავთანხმდებოდი, სხვა შემოთავაზებებიც არსებობდა, მაგრამ ლუკა გადრანს ვესაუბრე, რის მერეც ტრანსფერის საკითხზე თანხმობა განვაცხადე. აქ გადმოსასვლელად ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი სწორედ ლუკა გადრანის გუნდში ყოფნა გამოდგა. ის ყაზახეთის ჩემპიონატში სამი წელიწადია თამაშობს და ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

მისი ამ გუნდში ყოფნა და ჩვენი ერთად თამაში, ერთ-ერთი ის გარემოებაა, რის გამოც "ქაირათში" გადმოვედი და გუნდსაც საქმე წარმატებულად მისდის. ლუკა გვერდით მიდგას და ადაპტირებაში ძალიან მეხმარება.

გუნდის შესახებაც რომ გვითხრა. "ქაირათი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ყაზახური გუნდია, რომელსაც გასულ წლებში კარგი შედეგები არ ჰქონდა, ახლა კი ჩემპიონბობისთვის იბრძვის. როგორი გარემოა გუნდში, რადმენად მზად ხართ ჩემპიონობისთვის? ლიგა უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის, კონკურენტებიც ქულების დაგროვებას იწყებენ და როგორია თქვენი გეგმა ამ გარემოში ჩემპიონობის მოსაპოვებლად?

ჩვენი გუნდი ყაზახეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებულია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა. "ქაირათი" კვლავ ფეხზე წამოდგა და ჩემპიონობისათვის ბრძოლაშია.

აქამდე მოვედით, ახლა კი წინ გადამწყვეტი მატჩია დარჩენილი, რომელიც ფინალის ტოლფასია. განსაკუთრებული გეგმა არ გვაქვს, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები, მოედანზე უნდა გავიდეთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.

ამ მომენტში ყაზახეთის ჩემპიონატში 10 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ცოტა არც სხვა დროს ყოფილა, მაგრამ წელს განსაკუთრებულად ბევრმა მოთამაშემ მოიყარა თავი. როგორ ფიქრობ, რატომ აუღეს ქართველმა ფეხბრუთელებმა ალღო კარგად ყაზახეთის ჩემპიონატს. ადგილობრივ გუნდებშიც ქართველებზე დიდი მოთხოვნაა, ძირითადად რა იწვევს ამას შენი აზრით?

გეთანხმებით, ყაზახეთის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობამ მოიმატა. სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით თუ რა არის ამის მიზეზი, ალბათ, ყველას შემთხვევაში ინდივიდუალურია.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ და გაქვს საშუალება რომ აქ ფეხბურთელმა, როგორც პროფესიონალმა, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინო. ამიტომაც ამ ჩემპიონატში უკვე ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

საქართველოს ნაკრებზეც მინდა გკითხო, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით გუნდში შენი დებიუტი შედგა, შესაბამისად მწვრთნელს მეტნაკლებად კარგად იცნობ. მისი ფორმაციის გუნდმა შეძლო ის, რაც აქამდე არსდროს, არავის გაუკეთებია. გვიამბე შენი ემოციების შესახებ 2024 წლის საფეხბურთო ზღაპრის მიმდინარეობისას და ასევე, ემოციების გარდა, როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ის შედეგი, რაც გვაქვს?

მართალია, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგა. თავიდანვე მივხვდი, რომ საქმე ძალიან მიზანდასახულ მწვრთნელთან გვაქვს, რომელმაც ზუსტად იცის თუ რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს საწადელს. მას სჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია სწორი, სანახაობრივი და შედეგის მომტანი ფეხბურთის თამაში.

მეორე მხარეს, გუნდი, რომელიც უნიჭიერესი თაობის მოთამაშეებისგან კომოლექტდება. მათ ის შეძლეს, რაც არავის გაუკეთებია და ჩემი აზრით, ეს ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო თაობაა.

განსაკუთრებულად ამაყი, ბედნიერი და ემოციებისგან დაცლილი გახლდით წლევანდელ ზაფხულში, მადლობა მათ ამისთვის.

მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდი წარმატება წინ გველოდება. მთავარია, რომ ფეხბურთს ხელი შეეწყოს და იმაზე უფრო მეტად ვიფიქროთ განვითარებაზე, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით.

შენს კარიერას რომ დავუბრუნდეთ: მესმის, რომ ახლა კონცენტრირებულები ჩემპიონობაზე ხართ, მაგრამ ამ კარგი სეზონის შემდეგ, რა გსურს და როგორ ფიქრობ, რა უნდა გამოდგეს შენს კარიერაში შემდეგი ნაბიჯი?

ნამდვილად ასეა. ჩემპიონატის ფინიშის წინ სხვა რამეზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მაქვს. თანაც, კონტრაქტი გუნდთან კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. მიუხედავად ამისა, არაფერს გამოვრიცხავ. კარგი სეზონი გვაქვს და ინტერესიც არსებობს, მაგრამ ჯერ უნდა დავიცადოთ, რადგან წინ ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩია, რომელიც დიდი იმედი მაქვს, ჩვენთვის წარმატებული გამოვა.

სხვა სტატიები