Belive

"მისი დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია" - როგორ ეხმაურებიან ლაშა ბექაურის ტრიუმფს

4 დღის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ლაშა ბექაურმა აბუ დაბის გრანდ სლემზე -90კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მორიგი დომინანტური პერფორმანსი შემოგვთავაზა და პირად აქტივს გრანდ სლემის მორიგი ოქროს მედალი შემატა.

ლაშა ბექაურმა საკმაოდ მარტივად შეძლო ის, რაც მეტოქეებისთვის შეუძლებელია. ქართველი ჩემპიონის დამაჯერებელ გამოსვლას ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაცია და EURONEWS ეხმაურებიან და ბექაურის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.

"ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს აბუ დაბიში სანახაობრივი ფინალი გაიმართა. ლაშა ბექაური -90 კგ წონით კატეგორიაში დომინირებდა და მისმა უნიკალურმა შესაძლებლობებმა ფინალში პერსპექტიულ მოლდოველ ახალგაზრდა ლატიშევს შანსი არ დაუტოვა.

-90 კგ წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური დაბრუნდა და მისი დამარცხება ამ წონაში მონაწილე ძიუდოისტებისთვის კვლავ შეუსრულებელ მისიას წარმოადგენს" - EURONEWS.

"ლაშა ბექაური როგორც ყოველთვის სტაბილური და შთამბეჭდავი იყო. საწყისი ოცი წამის განმავლობაში ბექაურმა გამარჯვებისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა და ლატიშევი თავის საფირმო ილეთზე გამოიჭირა, რომელიც იმდენად მძლავრია, რომ მისი შეჩერება ყველას უჭირს.

ქართველმა გმირმა მეოთხე გრანდ სლემის ტიტული მოიპოვა, რაც ბექაურის დიდებულებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს" - IJF.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე ლაშა ბექაურს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირზე ვიხილავთ. 6-7 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 13 მონაწილით იასპარეზებს.

შემადგენლობა

  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

  • 81 კგ - ზაურ დვალაშვილი

  • 90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

  • 100 კგ - ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი

  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი

ქალები

  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

  • 70 კგ - მარიამ ჭანტურია

  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

სხვა სტატიები