Belive

მიხეილ აშვეთია: "სამწვრთნელო კარიერაში მცირე პაუზა დავასრულე, ნდობაც მაქვს და საკუთარი თავის იმედიც"

1 წლის წინ ქართული სპორტი
5 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი, მიხეილ აშვეთია წყალტუბოს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

46 წლის სპეციალისტი "სამგურალში" მესამე წელიწადია რაც მუშაობს, ჯერ სოსო ფრუიძისა და გიორგი მიქაძის ასისტენტი გახლდათ, მერე კი სპორტული დირექტორის პოზიცია ეკავა. ამჟამად ის გუნდის მთავარი მწვრთნელია და როგორც ჩვენთან ინტერვიუში ყვება, ახალი, ძალიან დაძაბული და საინტერესო სეზონისთვის გუნდის მომზადებას იწყებს.

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა ჩვენთან საუბრისას "სამგურალის" შიდა სამზარეულოს, განვლილი სეზონის, ახალი წლის გეგმებისა და სანაკრებო ბატალიების შესახებაც ისაუბრა.

პირველ რიგში, წინა სეზონი შევაჯამოთ. "სამგურალს" გარდამავალი სეზონი გამოუვიდა, პირველ ნახევარში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახლდათ, შემდეგ კი ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა. რა მოხდა და როგორ შეაფასებდით 2023 წელს თქვენი გუნდისთვის?

2023 წლის სეზონი კარგად დავიწყეთ. კარგი სტარტიც გამოგვივიდა და მეორე წრეც ასევე კარგი გვქონდა - ცხრილის სათავეში ვიყავით. თუმცა შემდეგ, მესამე წრე ჩავაგდეთ, იყო შეუთამაშებლობის პრობლემა, მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, საშინაო კედლებში ვერ თამაშმაც ("მატჩების 80% ზესტაფონში ვითამაშეთ") თავისი გავლენა იქონია, რიგ მომენტებში არც გაგვიმართლა და შედეგად, ევროტურნირების საგზურის მოპოვება ვერ მოვახერხეთ.

სეზონის მიწურულს, გუნდი უფრო შეთამაშებული და გამართული გახდა და ეს პროგრესის მაჩვენებელია.

ამჟამად რა მდგომარეობაშია სტადიონი და როდისთვის შეეძლება გუნდს შინ თამაში?

სტადიონზე მოედნის საფარი თავიდან დაითესა და სავარაუდოდ, ეროვნული ლიგის ახალი სეზონის მეოთხე-მეხუთე ტურისთვის, უკვე საშინაო კედლებში ვითამაშებთ. მივიღეთ გარანტია, რომ მოედნის საფარს საფრთხე აღარ დაემუქრება და შინ თამაშს მოვახერხებთ.

თქვენი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა როდის და როგორ გადაწყდა?

უკრაინელ მწვრთნელს, ალექსანდრ პაკლონსკის გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა, რის შემდეგაც დავსხედით და გადაწყვეტილება შეთანხმებულად მივიღეთ.

გარკვეული დროის განმავლობაში როგორც მთავარ მწვრთნელს, პაუზა მქონდა აღებული, მაგრამ ახლა ამ საქმეს დავუბრუნდი, ნდობა მივიღე, საკუთარი თავის იმედიც მაქვს და იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება.

გუნდში აქამდე სპორტული დირექტორის პოზიციას ვიკავებდი, თუმცა, საწვრთნელო პროცესს არ გამოვეთიშე, ყველა ვარჯიშსა და მატჩს ვესწრებოდი, ეს გუნდი ჩემთვის უცხო არ არის, სელექციაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი და ფეხბურთელების პროფილებსაც კარგად ვიცნობ და მათი ნდობა მაქვს. ასე რომ, მზად ვარ საქმეში აქტიურად ჩავერთო, გაძლიერება დავიწყოთ და ახალ სეზონს უფრო კარგ ფორმაში შევხვდეთ.

შეიძლება იყოს 3 people გამოსახულება

როგორ მიმდინარეობს სელექციის პროცესი და როგორი შემადგენლობით დაკომპლექტებულ "სამგურალს" უნდა ველოდოთ ახალი წლიდან?

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდთან საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდათ და გუნდი დატოვეს, თუმცა იქნება სიახლეებიც და გაძლიერებაც. სელექცია აქტიურ ფაზაშია და 3-4 ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ.

სელექციის პროცესი არ გაგვიჩერებია, აქტიურად ვმუშაობთ. სავარაუდოდ, გვეყოლებიან ლეგიონერები ბრაზილიიდან, თუმცა ისინი იმისთვის არ ჩამოვლენ, რომ სკამზე ისხდნენ, მათ სათამაშო დრო აუცილებლად მიეცემათ. მთავარ აქცენტს ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ, გუნდის ძირითადი ბირთვიც შენარჩუნებულია და საკმაოდ კონკურენტუნარიან შემადგენლობას შევკრავთ.

შეიძლება იყოს 8 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ბალახი and ტექსტი გამოსახულება

როგორ სეზონს ელოდებით 2024 წლის ეროვნულ ლიგაში?

საქართველოს ჩემპიონატი ყოველწლიურად უფრო კონკურენტუნარიანი და საინტერესო ხდება. წყალტუბოს "სამგურალი" ყოველთვის იყო, არის და იქნება ანგარიშგასაწევი ძალა. ვფიქრობ, 1-2 გუნდის გარდა, წინა სეზონში ყველა გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, წელს კი კიდევ უფრო საინტერესო სეზონს ველოდებით, რადგან "ფოთიც" შემოგვემატა, რომელიც ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია. ჩვენი მიზანი ყველა მატჩში მოედანზე გამარჯვებისთვის გასვლა იქნება.

როგორც საქართველოს ნაკრების ვეტერან ფეხბურთელს, 2024 წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენის შესახებ უნდა გკითხოთ. რა მოლოდინი გაქვთ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მოახლოების პარალელურად?

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გუნდის ფორმაზე უშუალოდ მარტში უფრო უკეთ შეგვეძლება საუბარი. მთავარია, რომ ფეხბურთელებს თავიანთ გუნდებში კარგი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ.

მთელი საქართველო ახლა ერთად დგას, მათ შორის ქართულ ფეხბურთში ჩართული ყველა ადამიანი, მწვრთნელები და ყველა. განსაკუთრებულად, მთავარი პასუხისმგებლობა უშუალოდ ფეხბურთელებზე მოდის, რომლებიც ახლა სპორტულ ომში იქნებიან ჩაბმულები. მათ ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც უნდა ითამაშონ, რომელიც ნახევარფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს და სრულიად საქართველოსთვის.

მე მჯერა, რომ კვარას დანაკლისის ფონზეც, სხვა ძალიან კარგი ფეხბურთელების დამსახურებით, შევძლებთ ფინალში გასვლას, შემდეგ კი მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას, რაც ყველა ქართველისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფეხბურთის აქტიური ქომაგები არ არიან, ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო და გასახარებელი ამბავი იქნება.

წარმატებულ 2024 წელს ვუსურვებ სრულიად საქართველოს!

სხვა სტატიები