Belive

დავით ვოლკოვი: „ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და წარმატება საკუთარი ხელით შექმნეს“

4 თვის წინ ქართული სპორტი
7 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი ერთ-ერთია იმ ქართველი ლეგიონერებიდან, რომელიც 2024/25 წლის საფეხბურთო სეზონს შესანიშნავად იწყებს. აზერბაიჯანული „ზირას“ ქართველმა თავდამსხმელმა, სეზონის სტარტზე უკვე 6 გოლი გაიტანა, აქედან 1 ევროპა ლიგაზე, ორიც კონფერენს ლიგაზე და ამას ჩემპიონატის საწყის ტურში შესრულებული ჰეთ-თრიკი დაამატა.

მნიშვნელოვანია, რომ გუნდი, რომელშიც 29 წლის ქართველი თავდამსხმელი „საბაჰიდან’ დაბრუნდა, ჩემპიონატს ლიდერობით იწყებს, კონფერენს ლიგაზე კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა გასული და ხორვატულ „ოსიეკთან“ სტუმრად ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

ბაქოში გასამართი შეხვედრის წინ, ქართველ თავდამსხმელს დავუკავშირდით, სეზონის ასეთი კარგი სტარტის, სანაკრებო წარმატებისა და სხვა საკითხების შესახებ ვესაუბრეთ.

სეზონის ძალიან შედეგიანი დასაწყისი გამოგივიდა. ალბათ ეს შენს კარიერაში საუკეთესო სტარტია.

ვფიქრობ, ჩემს კარიერაში ეს სეზონის საუკეთესო დასაწყისია. გოლის გატანა ჩემპიონატშიც მოვახერხე, ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზეც. იმედი მაქვს, მეც და გუნდიც ასე გავაგრძელებთ.

ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. მთავარია, სტაბილურად, მთელი სეზონის განმავლობაში ასე გავაგრძელო, რაც ფეხბურთში ყველაზე ძნელია.

ახალი სეზონიდან „ზირაში“ დაბრუნება გადაწყვიტე. რატომ გადადგი ეს ნაბიჯი?

„ზირაში“ დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. აქაურობა ჩემთვის უცხო ადგილი ნამდვილად არ არის. ამ გუნდში თამაშის პერიოდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ამიტომაც, როცა მათგან შემოთავაზება ისევ მოვიდა, ბევრი ფიქრი აღარ დამჭირდა და „ზირაში“ დაბრუნების გადაწყვეტილება მალევე მივიღე.

სხვა აზერბაიჯანული გუნდიდან, ან ევროპის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატიდან შემოთავაზება თუ არსებობდა?

რამდენჯერმე იმის შესაძლებლობა მქონდა, რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში, დასავლეთ ევროპისაკენ წავსულიყავი, რისი ძალიან დიდი სურვილიც მქონდა, მაგრამ არსებობდა გარემო ფაქტორები, რომელმაც ხელი შემიშალა. არ გამოვიდა, ამის გამო გული მწყდება, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთი ასეთია: ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც ჩვენ გვინდა და იქ თამაშს ვერ ვახერხებთ, სადაც გვსურს.

აზერბაიჯანული ფეხბურთი მხოლოდ „ყარაბახის“ წარმატებას არ სჯერდება და უკვე სხვა გუნდებმაც დაიწყეს ევროპულ ტურნირებზე წარმატებით თამაში, მათ შორის „ზირამ“. რა არის ამის მთავარი მიზეზი?

„ყარაბახი“ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, ძალიან სტაბილური, გამართული გუნდია. გარდა იმისა, რომ თავად წარმატებული პროექტია, სხვა გუნდებისთვის, აზერბაიჯანშიც და სხვა პატარა ქვეყნებშიც, სანიმუშოა, რომ სწორი მუშაობით შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

ვფიქრობ, მსგავსი მოდელით გუნდის გამართვა საქართველოშიც ჩვეულებრივ შესაძლებელია. ბევრი ფაქტორია, რომელზეც ამ მიზნის მისაღწევად ყურადღება უნდა გამახვილდეს.

დავით ვოლკოვი | Lelo.Ge

კონფერენს ლიგაზე ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილ „დუნაისკა სტრედას“ შეხვდით და ორი გოლი გაუტანე. უშუალოდ ესპანელთან შეხვედრის შესაძლებლობა თუ მოგეცა?

ჩისკოს იმ პერიოდიდან ვიცნობ, როცა „დინამო თბილისის“ მეორე გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში გადავედი. ძალიან კარგი ადამიანი და დიდი პროფესიონალია, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

„დუნაისკა სტრედასთან“ კონფერენს ლიგის მატჩის დროს უშუალო შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.

გუნდი მესამე ეტაპზეა და ხორვატულ „ოსიეკთან“ სტუმრად საბრძოლო ფრე (1:1) ითამაშეთ. როგორია საპასუხო მატჩის წინ განწყობა, მოლოდინები და შანსები?

საწყისი მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდია. გარდა უშუალოდ სპორტული თვალსაზრისისა, მთლიანად, გუნდში ძალიან კარგად ორგანიზებული სტრუქტურა და გამართული ატმოსფეროა. ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავთ და იქ თამაში სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა.

საპასუხო შეხვედრა ბაქოში იქნება და იმედია, მასპინძლის უპირატესობის გამოყენებით, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ.

საქართველოს ნაკრებზეც მინდა გკითხო, რომლის რიგებშიც გასულ წლებში თამაშის და გოლების გატანის შესაძლებლობაც მოგეცა. როგორია შენი ემოციები ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სანაკრებო წელს? როგორ ფიქრობ, რა წარმატება შეიძლება მოგვიტანოს ამ შედეგმა მომავალში?

მართალია, არც საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩებში და არც ფინალურ ეტაპზე მითამაშია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილად ყოფნის ბედნიერება მერგო.

აქ არიან ბიჭები, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და საკუთარი ხელებით, შრომით, გეგმაზომიერი მუშაობით გამაოგნებელ შედეგს მიაღწიეს.

დამატებით ბედნიერი ვარ უშუალოდ ნაკრების ფეხბურთელების გამო, რომლებსაც ვიცნობ, ვიცი მათი ისტორია და განვლილი გზა და ის თუ როგორ მოვიდნენ დღევანდელ დღემდე. ბევრ მათგანს ბავშვობიდან ვიცნობ და მიხარია, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გაიარეს, არაერთი წაქცევის და ხელახლა ფეხზე წამოდგომის შემდეგ, ზღაპრული, ქართველი გულშემატკივრისთვის ოცნების ამასრულებელი შედეგი მოიტანეს. ბიჭებმა, რომლებმაც კარიერულ გზაზე არაერთი წარუმატებლობა და დროებითი მარცხი ნახეს, მაგრამ დღეს მთელი ქვეყნის გაბედნიერება მოახერხეს.

Image 23

გარდა იმ არანორმალური ემოციებისა, რომელიც ყველა ჩვენგანმა და მთელმა საქართველომ მივიღეთ, რაციონალური კუთხით, მომავლის იმედი ჩაგვესახა და ქართული ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი საქმე გაკეთდა. ამ წარმატებას შეუძლია, რომ კიდევ უფრო დიდი ნაყოფი რამდენიმე წლის შემდეგ მოგვცეს. იმედი მაქვს, რომ ეს სანაკრებო წარმატება ქართულ გუნდებსა და მათ მომავალზეც დადებითად იმოქმედებს.

ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ბევრს და სწორად მუშაობს. უკვე რამდენიმე ძალიან კარგი და მაღალი დონის სტადიონი და რეგიონებში, საფეხბურთო აკადემიები გვაქვს. შესაძლებელია მოკლე ხანში არა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა შედეგს აუცილებლად მოგვიტანს.

Image 27

ევროპულ ტურნირებზე მხოლოდ შენი ყოფილი გუნდი, „იბერია 1999“ შემორჩა. როგორ ფიქრობ, რა შანსია, რომ ქართულმა გუნდმა გამოცდილი „ბასაქშეჰირის“ ბარიერი დაძლიოს?

ყველა ქართულ გუნდს ვუსურვებ, რომ ნელ-ნელა დადგეს დრო, როცა ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ჩემპიონატი და ლიგის მონაწილეებიც ისე შეუყვარდეს, როგორც ნაკრები. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში იმედია ასეც მოხდება.

უშუალოდ „იბერიას“, რომელიც ერთადერთი ქართული გუნდია ევროპულ ტურნირზე, წარმატებას და ამ რთული მეტოქის ბარიერის დაძლევასაც ვუსურვებ. მარტივი მატჩი ნამდვილად არ იქნება. „ბასაქშეჰირს“ ზურგს ძალიან დიდი რესურსი და გამოცდილება უმაგრებს, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია და იმედია, ქართული გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს და შემდეგ ეტაპზე გასვლასაც მოახერხებს.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება

სხვა სტატიები