მეცის პრეზიდენტი: "დიდი კონკურენციაა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული"
"მეცის" პრეზიდენტმა, ბერნარ სერინმა, საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ამჟამად, 23 წლის ქართველი ცენტრ-ფორვარდის დამატება საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, გადაწყვეტილება კი ჯერ მიღებული არ არის.
"გიორგი მიქაუტაძის დამატებით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. აქ დიდი კონკურენციაა და საქმე ნელ-ნელა მიმდინარეობს. შესაძლოა, მომდევნო კვირაში ყველაფერი დაჩქარდეს. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია", - ამბობს "მეცის" ხელმძღვანელი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, 23 წლის ქართველის დამატებასთან ყველაზე ახლოს "მონაკოა", ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ კი ქართველ გოლეადორს "ვესტ ჰემის" და სხვა ინგლისური, ფრანგული და იტალიური გუნდების ვარიანტებიც გამოუჩნდა.
გიორგი მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონში, "მეცის" შემადგენლობაში 21 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ ქართველმა ფეხბურთელმა 3 გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.