მეცის მწვრთნელი: "გიორგი მიქაუტაძე ჩემთვის როგორც შვილი ისეა"
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის "მეცის" მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ, ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ, სეზონის პირველი ოფიციალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა, მათ შორის სწორედ 22 წლის ქართველ ფეხბურთელზე. ქართველი ფორვარდის მიმართ რუმინელმა მწვრთნელმა დადებითი ემოციები გამოამჟღავნა და ის საკუთარ შვილთან გააიგივა.
"სრულფასოვნად მზად არასდროს ვართ. არის დეტალები, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ, მათ შორის ტრავმებიდან ფეხბურთელების გამოჯანმრთელება, ახალი მოთამაშეების ინტეგრირება და მოკლედ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ის, ჩემთვის როგორც შვილი ისეა", - თქვა ლასლო ბოლონიმ.
მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, გიორგი მიქაუტაძეს ევროპული მედია ინგლისის პრემიერ ლიგისა და იტალიის სერია A-ს კლუბებს აქტიურად უკავშირებდა, ყველაზე ხშირად კი ჩემპიონშიფის მომგები "ბარნლის" სახელი ფიგურირებდა - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კვლავაც "მეცში" რჩება.
ლიგა 1-ში დაბრუნებული ლოთარინგიელები სეზონის პირველ მატჩს "რენის" წინააღმდეგ 13 აგვისტოს, სტუმრად გამართავენ.