Belive

მეცის დირექტორი: "მიქაუტაძემ ამ ეტაპზე სწორი ნაბიჯი გადადგა"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიდერლანდური მედია საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გარშემო არსებული ვითარების შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

კონკრეტულად, ajaxshowtime-მა "მეცის" დირექტორს, პიერ დრეოსის ესაუბრა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

"მიქაუტაძე განსაკუთრებული ბიჭია და ფეხბურთელია. ის არც ისე მაღალი და არც ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა. ის ნამდვილად საჯარიმოს თავდამსხმელია. მას გამოსავლის მონახვის კარგი უნარი აქვს. თავდამსხმელის პოზიცია მისთვის მოედანზე საუკეთესო ადგილია. როგორც თავდამსხმელს, მას აქვს კარგი დრიბლინგი და ძალიან სწრაფია ბურთით.

დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია 20-ზე მეტი გოლის გატანა მთელი სეზონის განმავლობაში. მე არ ვარ გიჟი, მას ეს ნამდვილად შეუძლია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ჩვეულ პოზიციაზე იქნება. მას აქვს ის თვისებები, რომ გახდეს ძალიან კარგი და განსაკუთრებული თავდამსხმელი. ფლანგზე ან ფორვარდის უკან მისი წარმოდგენა არ შემიძლია.

სატრანსფერო პერიოდში ცხადი იყო, რომ ის გუნდს შეიცვლიდა, მაგრამ მან მაინც ითამაშა ამ სეზონის პირველ სამ მატჩში. ეს მაშინ, როცა ბევრი ფეხბურთელი თამაშზე უარს განაცხადებდა ტრავმის შიშის გამო. მიქაუტაძემ ვარჯიში და თამაში გააგრძელა, რადგან ეს მას, როგორც პიროვნებას ახასიათებს. მას ფანტასტიკური სული და მენტალიტეტი აქვს.

მიქაუტაძეს ინგლისური და იტალიური გუნდებიდან შეთავაზებები ჰქონდა. ჟორჟმა მითხრა: ინგლისურ გუნდს ველაპარაკე, მაგრამ იქ სათამაშოდ მზად არ ვარ. მან "აიაქსი" აირჩია, რადგან ის კარგი გუნდია კარგი ფილოსოფიით. ის ძალიან ჭკვიანია. დამიჯერეთ: "აიაქსი" მას რამდენიმე წელიწადში დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდის. მიქაუტაძისთვის ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. აიაქსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და იქ ყოველთვის ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. კლუბი კარგი ფილოსოფიით მუშაობს. მიმაჩნია, რომ ეს არის მიქაუტაძისთვის სწორი ნაბიჯი კარიერის ამ ეტაპზე", - თქვა პიერ დრეოსიმ.

2023/24 წლების საფეხბურთო სეზონში, გიორგი მიქაუტაძეს "აიაქსში" მხოლოდ ექვს მატჩში მიეცა თამაშის შესაძლებლობა, სადაც სათამაშო დროის აბსოლუტური უმრავლესობა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაატარა. რაც შეეხება ლიგა 1-ს, იქ მან "მეცის" შემადგენლობაში სამ შეხვედრაში 2 გოლის გატანა (ერთი სწორედ "მარსელთან") და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები