Belive

მესამე საშეჯიბრო დღე | ტატამზე შავდათუაშვილი და ლიპარტელიანი გამოვლენ - პრევიუ

4 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

დღეს, 28 ივლისს, დილის 12:00 საათიდან, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტი ძიუდოს მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის წარუმატებლად განვითარდა.

კერძოდ, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა - ვაჟა მარგველაშვილმა, ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო და მეორე ეტაპზევე დაასრულა. 30 წლის ქართველი ძიუდოისტი, ფრანგ -ვალიდ ხაირთან უშანსოდ დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა, შესაბამისად, 2 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალი არ არის.

მესამე საშეჯიბრო დღეს, 29 ივლისს, ტატამზე მამაკაცებიდან 73 კგ, ხოლო ქალებში 57 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე 100%-იანი შედეგი აქვს. კერძოდ, შავდათუაშვილს 3 ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მონაწილეობა მიღებული და სამივეჯერ მედლით დაბრუნდა სამშობლოში.

პირველი მედალი მან 2012 წელს, ლონდონში მოიპოვა, როდესაც 20 წლის ასაკში შეძლო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მეორე მედალი ბრინჯაოს სინჯის იყო, რომელიც შავიმ რიო დე ჟანეიროში მოიგო. ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე კი, რომელიც ტოკიოში გაიმართა, ფინალში შოჰეი ონოსთან იჭიდავა, თუმცა დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიგო.

მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე, ლაშა შავდათუაშვილი 2024 წლის 29 ივლისს იასპარეზებს.

სამწუხაროდ, 32 წლის ლეგენდარული ქართველი C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, საკმაოდ ძლიერი ფრანგი ფალავანი -ჟოან-ბენჟამინ გაბა იქნება.

ფრანგი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, შავდათუაშვილი ტანზანიელ და სამოელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 1/4-ფინალში კი მისი მეტოქე, იაპონელი - სოიჩი ჰაშიმოტო იქნება.

57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს.

ეთერი D ბადეში განუთესავია, ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება და მისი მეტოქე, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი - ლელე ნაირნე იქნება.

ბრიტანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ლიპარტელიანი, უზბეკ - შუკურჯონ ამინოვასა და კოტ დივუარელ - ზულეია აბზატაა დაბონეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

იმ შემთხვევაში თუ ეთერ ლიპარტელიანი 1/4-ფინალამდე მივა, მისი სავარაუდო მეტოქე, ბრაზილიელი ოლიმპიური ჩემპიონი - რაფაელა სილვა იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები