მეორე საშეჯიბრო დღე | ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გამოვა - პრევიუ
დღეს, 27 ივლისს, დილის 12:00 საათიდან, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს შეჯიბრი დაიწყო.
პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 60, ხოლო ქალებიდან 48 კგ წონითი კატეგორიები ასპარეზობდნენ, შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ღირსებას ოლიმპიური დებიუტანტი და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი - გიორგი სარდალაშვილი იცავდა.
გიორგი სარდალაშვილი 1/4-ფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა და ასპარეზობა დამამშვიდებელ წრეში/რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც სამხრეთ კორეელი მეტოქე - ვონ ჯინ კიმი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გაინაღდა.
საბოლოოდ 21 წლის ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, თუმცა სამწუხაროდ იქ, ესპანელ - ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა და სადებიუტო ოლიმპიური თამაშები უმედლოდ, თუმცა დიდი გამოცდილებით დაასრულა.
მეორე საშეჯიბრო დღეს, 28 ივლისს, ტატამზე მამაკაცებიდან 66 კგ, ხოლო ქალებში 52 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს.
66 კგ
საქართველოს ნაკრების ღირსებას, მოქმედი ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების მოქმედი ვერცხლისმედალოსანი - ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარგველაშვილს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა. გამართლება, არ გამართლებაზე საქმე არ არის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე ვსაუბრობთ, თუმცა კარგია ის ფაქტი, რომ უძლიერესი ფალავნები, როგორებიც მოლდოველი - დენის ვიერუ და იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ჰიფუმი აბე, არიან, ორივე ერთ ბადეში მოხვდნენ და ფინალამდე ქართველ მეტოქეს ვერცერთი ვერ შეხვდება.
ახლა კი რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, მოქმედი ევროპის ჩემპიონი ასპარეზობას C ბადეში იწყებს და განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება და პირველ რაუნდს გამოტოვებს.
ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე, ფრანგ - ვალიდ ხიარსა და ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ - მოჰამად რაშნონეჟადის შორის გამარჯვებული იქნება. 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, მარგველაშვილის სავარაუდო მეტოქე, სამხრეთ კორეელი - ბაულ ანი იქნება, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში დაამარცხა.
იმ შემთხვევაში, თუკი ვაჟა მარგველაშვილი საკუთარ C ბადეს მოიგებს, 1/2-ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეები, მონღოლეთის სახელით მოასპარეზე - ბაშხუ იონდონპერენლეი და უზბეკი - სარდორ ნურილაევი იქნებიან.
თავის მხრივ, D ბადეში სწორედ ზემოთაღნიშნული ძიუდოისტები იქნებიან ფავორიტები და სავარაუდოა, რომ 1/4-ფინალში სწორედ აზიური, კერძოდ კი მონღოლურ-უზბეკური დაპირისპირება ვიხილოთ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან დაიწყება.