მეხუთე საშეჯიბრო დღე | ტატამზე მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს ვიხილავთ - პრევიუ
დღეს, 29 ივლისს, დილის 12:00 საათიდან, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტი ძიუდოს მეოთხე საშეჯიბრო დღემ აიღო, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული, თუმცა მცირედ გულდასაწყვეტი გამოდგა.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალოსანი გვყავს და მისი სახელი და გვარი - ტატო გრიგალაშვილია. ტატო ფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ტაკანორი ნაგასე კი ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
მეხუთე საშეჯიბრო დღეს, 31 ივლისს, ტატამზე მამაკაცებიდან 90 კგ, ხოლო ქალებში 70 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს.
შესაბამისად, საქართველოს დროშის ქვეშ, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური იჭიდავებს.
90 კგ
90 კგ წონითი კატეგორია საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო წონითი კატეგორია იყო. ამ იმედებს კი ნამდვილად ამართლებს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური, რომელიც ხვალ, ტატამზე, ოქროსფერი არშიისა და ოლიმპიური ჩემპიონობის დაცვას შეეცდება.
ალბათ არავის გაუკვირდება, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ამ წონით კატეგორიაში მხოლოდ 3 სპორტსმენია განთესილი და აქედან ერთ-ერთი ლაშა ბექაურია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში, ამ წონითი კატეგორიის ლიდერია.
ბექაური A ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან (1/8-ფინალიდან) შეუერთდება, სადაც, ბულგარელ - ივაილო ივანოვსა და ლიბანელ - კარამნობ საგაიპოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, რომლის ალბათობაც ძალიან დიდია, მისი სავარაუდო მეტოქე, იტალიელი - კრისტიან პარლატი ან სამხრეთ კორეელი - იუიეოპ ჰანი იქნება.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა ბექაური, იაპონელ - სანშირო მურაოს ფინალამდე არ ეკვეთება.
ძიუდოს ექსპერტების აზრით, ლაშა ბექაური ფინალამდე საკმაოდ მარტივად უნდა მივიდეს და საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში მეორედ იზეიმოს.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება. ლაშა ბექაურს კი ტატამზე მე-13 ბრძოლაში ვიხილავთ.