Belive

მათე შათირიშვილი: "აქამდე ჯანსაღი ატმოსფეროთი და ერთიანობით მოვედით"

1 დღის წინ ქართული სპორტი
4 წთ

უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე, საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონ, დინამო თბილისს, ისტორიული წარმატების მიღწევის შანსი აქვს. ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა გზით (ძირითადი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი) 2 საფეხურის გადალახვა და პლეი-ოფში გასვლა მოახერხა.

გადამწყვეტი ორრაუნდიანი დუელი ქართულ გუნდს მინსკის დინამოსთან ელოდება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბელარუსულ გუნდთან ქართული ორივე მატჩს საშინაო კედლებში ჩაატარებს. შეხვედრები 5 და 10 დეკემბერს გაიმართება, რეგულაციების მიხედვით კი ქართველ გულშემატკივარს დინამო არენაზე საპასუხო მატჩზე დასწრება შეეძლება.

მატჩების წინ, დინამო თბილისის და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების 17 წლის ცენტრალურ მცველს, მათე შათირიშვილს გამორჩეული 2025 წლის და მოახლოებული შეხვედრების შესახებ ვესაუბრეთ.

მათე, 2025 წელი შენთვის გამორჩეული გამოდგა. მთავარ გუნდში, ეროვნულ ლიგაში თამაშის შესაძლებლობა მოგეცა. რამდენად მნიშვნელოვანია 17 წლის ასაკში, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მაისურის მორგება?

2025 წელი ჩემთვის გამორჩეული გამოდგა. ჩემი მიზანი ჯერ დინამო თბილისი 2-ში სეზონში ჩამთავრება და შემდეგი წლიდან მთავარ გუნდში მოხვედრა გახლდათ, მაგრამ ეს ყველაფერი მალე მოხდა. სიმართლე გითხრათ, ამან ჩემი გაოცებაც გამოიწვია. რთული და გამოწვევებით სავსე წელი გამოდგა, მარტივი არ გახლდათ, მაგრამ შედეგი ნამდვილად გამოიღო.

უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე დინამომ 2 ეტაპის გადალახვა მოახერხა. როგორ გაიხსენებ განვლილ მატჩებს?

ჟრინსკისთან დუელში საწყის შეხვედრაში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან უმეტესობამ ასეთ მაღალ დონეზე სადებიუტოდ ვითამაშეთ. ეტაპობრივად, ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების ვირწმუნეთ, საშინაო კედლებში მეტოქეს შანსი აღარ დავუტოვეთ და გამარჯვებას მივაღწიეთ.

აეკ ლარნაკასთანაც საწყის მატჩში უფრო მეტად გაგვიჭირდა. ბევრი გოლი გავუშვით, ორჯერ ვაგებდით და გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვება შევძელით. საპასუხო მატჩის საშინაო კედლებში ჩატარება ძალიან დაგვეხმარა და გულშემატკივრების გვერდით დგომით შემდეგ ეტაპზე გასვლაც შევძელით.

შეიძლება იყოს ამერიკული ფეხბურთი, ფეხბურთი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „SAKO 4 810 KANO 5 JAKO“ გამოსახულება

გასულ წლებში ქართულ გუნდებს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თამაში უჭირდათ, ახლა კი თქვენ 2 ეტაპის გავლა შეძელით. როგორ ფიქრობ, რა არის წარმატების ძირითადი ფაქტორები?

არ ვიცი წინა წლებში რა ხდებოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და კარგი გარემოა. გუნდში კონფლიქტი არ ხდება, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ჯანსაღი ატმოსფერო კარგად თამაშშიც გვეხმარება.

ამავე დროს, სანაკრებო დონეზე შანსიც მიიღე: საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გიხმეს. რამდენად ელოდი და რა გამოცდილების მიღება შეძელი?

არ მეგონა, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახების შესაძლებლობა მომეცემოდა. ველოდი, რომ 19-წლამდელთა ნაკრებში საბერძნეთთან უნდა მეთამაშა, მაგრამ რამაზ სვანაძის გუნდში გამომიძახეს, რაც ძალიან მაღალი დონეა და ამით გახარებული ვარ.

19-წლამდელთა ნაკრებში ძალიან რთული მატჩების ჩატარება მოგვიწია, მართალია, შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შევძელით, მაგრამ გამოცდილება დავაგროვე და ეს ძალიან დამეხმარება.

უახლოესი გამოწვევა მინსკის დინამოსთან ორრაუნდიანი დუელია. როგორ ემზადებით გუნდში, მეტოქეს რამდენად კარგად იცნობთ და რა მნიშვნელობის მატარებელია საშინაო კედლებში, ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაში?

გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. დარწმუნებული ვარ ბიჭების ძალებში და სურვილში, რომ მინსკის დინამოს ბარიერის გადალახვისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

მეტოქე მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ორი ეტაპი გაიარეს, თანაც სტუმრად. საშინაო კედლებში თამაში რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი უპირატესობაა. გულშემატკივრის როლი განსაკუთრებულია, მათ შეუძლიათ, რომ სტადიონზე მოსვლით და ჩვენი დახმარებით, ისტორიის დაწერაში მონაწილეობა მიიღონ. ბიჭების ძალებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ 100%-ით დაიხარჯებიან. იმედი მაქვს, ერთად გავიმარჯვებთ.

სხვა სტატიები