მარადონას შვილი: "კვარაცხელიას შეცვლა თითქმის შეუძლებელია, მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია"
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისა და "ნაპოლის" ლეგენდის, დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა ჯუნიორმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტებმა მარადონას შვილს მამამისსა და ქართველ ვარსკვლავს შორის პარალელი იმ კუთხით გაავლებინეს, რომ არგენტინელი გუნდში 7 წელი დარჩა, კვარამ კი ნეაპოლიდან მესამე სეზონში წასვლა გადაწყვიტა. დიეგო მარადონა უმცროსმა შეკითხვაზე უპასუხა, რომ ახლა ფეხბურთში განსხვავებული დრო და რეალობაა და ამის გამო კვარაცხელიას გაკრიტიკებას არ აპირებს.
"მაშინ და ახლა განსხვავებული დროა. დიეგომ აქ 7 სეზონის განმავლობაში ითამაშა, მაგრამ ამის გამო იმ ფეხბურთელის გაკრიტიკებას არ ვაპირებ, რომელიც მესამე ჩემპიონობის მოგების მთავარი გმირი გახლავთ.
იმის მიუხედავად, რომ ხვიჩას არჩევანი არ მომეწონა და მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მინდა, რომ მადლობა გადავუხადო.
გარნაჩოს მოყვანა? კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის პოვნა თითქმის შეუძლებელია, რადგან როცა ის ფორმაშია მსოფლიოს სამ საუკეთესო გარემარბს შორის შედის", - ამბობს მარადონა უმცროსი.
ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი "პსჟ''-ს 75 მილიონი ევრო დაუჯდება, ყოველწლიურად კი, 9 მილიონი ევროს გასამრჯელოს მიიღებს.