ლუქსემბურგის ნაკრები მონცას თავდამსხმელის ნატურალიზებას ცდილობს
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ლუქსემბურგი იქნება.
ლუქსემბურგის ნაკრები, რომელიც პორტუგალიელი ფეხბურთელების ნატურალიზებას აქტიურად მიმართავს, კიდევ ერთი მაღალი დონის მოთამაშის დამატებას ცდილობს.
როგორც ირკვევა, ლუქსემბურგული წარმოშობისა და პორტუგალიის მოქალაქე თავდამსხმელი, დანი მოტა ჩვენი მომავალი მეტოქის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სამიზნეა.
"ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა", - თქვა რენატო მოტამ, დანი მოტას ძმამ რამდენიმე დღის წინ.
დანი მოტა 25 წლის ფეხბურთელია და პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ, სადაც 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის გატანაც მოახერხა. ის ნიედენკორნშია (ლუქსემბურგი) დაბადებული და საფეხბურთო კარიერაც სწორედ ლუქსემბურგში დაიწყო. 2016 წელს ის იტალიაში წავიდა, სადაც "სასუოლოს" და ტურინის "იუვენტუსის" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, 2020 წლის შემდეგ კი "მონცაში" ირიცხება.
ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა და მისგან მოისმინა პასუხი, რომ მას პორტუგალიის ნაკრებში თამაში სურს, მაგრამ ლუქსემბურგში დანებებას მაინც არ აპირებენ.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ლუქსემბურგის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, დანიელ სინანი არ ეყოლება.
საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს.