ლუკა ლოჩოშვილს სერია B-დან ახალი ვარიანტი აქვს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის დამატების სურვილი სერია B-ს წარმომადგენელ აველინოს აქვს.
იტალიური, კონკრეტულად კი სამხრეთული მედია საშუალება IL matino წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი სერია C-ში გავარდნილ სალერნიტანაში არ დარჩება და სავარაუდოდ არც სერია A-ში აღზევებულ კრემონეზეში დაბრუნდება.
ლუკა ლოჩოშვილს კონტრაქტი კრემონეზესთან აკავშირებს და სალერნიტანაში გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა, გუნდმა გადათამაშებაში სამპდორიასთან ორმატჩიანი დუელი დათმო და იტალიის რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდა. იმ შემთხვევაში, თუ სალერნოელები სერია B-ში ადგილს შეინარჩუნებდნენ, ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვას შეეცდებოდნენ, რასაც დაქვეითების შემდეგ აღარ გააკეთებენ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის დამატებას სერია B-ში აღზევებული აველინო შეეცდება, რომელსაც გაძლიერება სურს.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ლოჩოშვილმა გასულ სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 27 წლის ცენტრალურმა მცველმა ივნისის ამხანაგურ მატჩში, ფარერის კუნძულების ნაკრებთან (1:0) საქართველოს მთავარ საფეხბურთო გუნდში სადებიუტო გოლის გატანაც შეძლო.