ლუკა ლოჩოშვილი: "ფეხბურთის თამაშს ასეთი ატმოსფეროს გამო ვიწყებთ"
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
კიოლნის ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუს აქვეყნებს.
"ძალიან მომწონს ეს სტადიონი და ატმოსფერო ფანტასტიკურია. თამაშიც ძალიან საინტერესო გამოდგა. ალბათ, გარედან ყურებაც სიამოვნებას მიანიჭებდა ვინმეს. თამაშის შემოტრიალებაც შევძელით, უბრალოდ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.
ვფიქრობ, ძალიან რთულია ჩვენ წინააღმდეგ თამაში, განსაკუთრებით შინ. გულშემატკივრებმა მეორე ტაიმში მუხტი შეგვმატეს. ამის დამსახურებით მეტოქის დაპრესინგება შევძელით. ჩვენ ყველამ ბავშვობაში ფეხბურთის თამაში იმიტომ დავიწყეთ, რომ ოდესმე ასეთი აუდიტორიის წინაშე გვეთამაშა.
რეალურად სადებიუტო გოლის გასატანად სულ რამდენიმე სანტიმეტრმა შემიშალა ხელი. სიამოვნებით გავიტანდი ამ გოლს, მაგრამ სამი ქულა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მინდა, რაც შეიძლება მალე გავიტანო გოლი: სასურველია საშინაო მატჩში. სიამოვნებით ვიზეიმებდი მთელ სტადიონთან ერთად.
პასუხისმგებლობის აღება მომწონს. ყოველთვის მინდა ვიყო ისეთი ადამიანი, რომელიც მოედანზე ყველაფერს დებს, აგრესიულია და ემოციებს გამოხატავს. ვიმედოვნებ, რომ ამით სხვების აყოლიებასაც შევძლებ.
გუნდში ატმოსფერო ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ვეხმარებით. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს და უახლოეს კვირებში კიდევ უკეთ შევთამაშდებით. საწყისი ორი გამარჯვება ამაშიც ნამდვილად დაგვეხმარება. ძალიან სწორ გზაზე ვართ.
ამ ქალაქში თავის კომფორტულად გრძნობა ძალიან მარტივია. ადამიანები ძალიან მეგობრულები და ღია არიან. როცა ყავის ასაღებად მივდივარ, პრაქტიკულად ყოველთვის კეთილად მესაუბრებიან. უკვე ბინაც ვიპოვე, რაც საქმეს კიდევ უფრო აიოლებს. ჩემს აქაურ საწყის კვირებზე მხოლოდ პოზიტიურად საუბარი შემიძლია", - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.
კიოლნმა სეზონის საწყისი ორივე მატჩი მოიგო, გერმანიის თასზეც და ბუნდესლიგაშიც, ლუკა ლოჩოშვილმა კი 82 და 90 წუთი ითამაშა.