ლუის ენრიკე: "ხვიჩა კვარაცხელია როგორც გრძელვადიანი პროექტი, ისე დავიმატეთ"
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"პსჟ-ს" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, "მონაკოსთან" ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს. შეკითხვა ასეთი შინაარსის გახლდათ: "კვარას გასულ თვეში ბევრი არ უთამაშია? როდის ელოდებით, რომ ის სრულფასოვან ფიზიკურ ფორმაში შევა?"
"ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აშკარაა, რომ როცა ფეხბურთელი მოდის და წინა გუნდის დასკვნით მატჩებში არ უთამაშია, მას ბევრი რამის აღდგენა სჭირდება. ზუსტად როდის შეძლებს არ ვიცი, მაგრამ ამაზე არ ვღელავ. არ ვღელავ, რადგან ჩვენ ხვიჩა კვარაცხელია როგორც გრძელვადიანი პროექტი ისე შევიძინეთ და გვსურს, რომ რაც შეიძლება მალე შევიდეს საუკეთესო კონდიციებში", - ამბობს ლუის ენრიკე.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი "მონაკოს" 8 თებერვალს, საშინაო კედლებში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
23 წლის ქართველმა ვარსკვლავმა, "პსჟ-ს" შემადგენლობაში უკვე სამ შეხვედრაში ითამაშა, სადებიუტო მატჩში საგოლე პასი გააკეთა, მისმა გუნდმა კი საწყის შეხვედრაში ფრეს მიაღწია, ხოლო შემდეგი ორი თამაში მოიგო.