ლევან მაისაშვილი - ახალგაზრდა გუნდი ვართ და ვცდილობთ, რომ თაობათა ცვლის პროცესში სწორი ბალანსი დავიჭიროთ
2 წლის წინ
ქართული სპორტი
4 წთ
„პრაგმატულად თუ შევაფასებთ, რაც გვქონდა მიზანი ის შევასრულეთ, მოვიგეთ ეს ჩემპიონატი, თუმცა ბოლომდე კმაყოფილები ვერ ვიქნებით – იყო რაღაც თამაშები, სადაც დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ეს პროცესია და ამ ყველაფერს აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები.“ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩზეც ილაპარაკა, სადაც ჩვენმა გუნდმა ფრე ითამაშა.
„ჩვენ ამ ორწლიან ციკლში ორი მთავარი მიზანი გვქონდა – თაობათა ცვლის პროცესი უმტკივნეულოდ გაგვევლო და გაგვეზარდა სიღრმე ნაკრებში, ამ ეტაპისთვის გვინდოდა ნაკლები ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და სტაბილურობის კუთხით გვეთამაშა ძირითადთან მიახლოებული შემადგენლობით, რაც დავგეგმეთ ვერ შევასრულეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ტრავმებმა ხელი შეგვიშალა და ომიკრონის აფეთქების პერიოდში მოვყევით, პორტუგალიასთან თამაშის კვირას მინიმუმ 11 მოთამაშე გვაკლდა ძირითადიდან. ამან იმოქმედა თამაშზე. წელიწადში სულ გვაქვს 11 თამაში და ეს ტურნირი გვინდოდა გამოგვეყენებინა მაქსიმალურად იმისთვის, რომ თამაში დაგვესტაბილურებინა, რადგან ზაფხულში მნიშვნელოვანი ტესტები გველის. ეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ – პირველ თამაშზე შემადგენლობა ძალიან აგვერია, მეორე თამაშზე შევძელით მაქსიმალურად თავი მოგვეყარა და ბოლომდე ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავდა.. რაც შეეხება რუმინეთთან მატჩს, ეს არ იყო მარტივი თამაში, რადგან მათ მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ, ამას დაემთხვა ისიც, რომ დისციპლინის კუთხით მოვიკოჭლეთ – ორი ყვითელი ბარათი ავიღეთ, რამაც 20 წუთი წნეხში ჩაგვაგდო, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ რაც გვქონდა დაგეგმილი გავაკეთეთ, სტუმრად მოვიგეთ. ბუნებრივია, თამაშით კმაყოფილები არ ვიყავით, მაგრამ საბოლოო აკორდი ესპანეთთან იყო ის, რომ ის შეცდომები, რაც წინა თამაშებზე გვქონდა გავიაზრეთ და საბოლოო ჯამში, მთლიანობაში კარგი დამაგვირგვინებელი მატჩი იყო.“ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იტალიის ნაკრებზე ისაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ უელსის ნაკრები სტუმრად დაამარცხა.
„იტალიამ ძალიან საინტერესო ჩემპიონატი ჩაატარა. ამ გუნდში თაობათა ცვლა დაიწყო ადრე და რეალურად დღეს ჰყავთ საკმაოდ სტაბილური შემადგენლობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია თამაშებს აგებენ, თამაშობენ ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატზე და არცერთ გუნდთან უბრძოლველად არ გამოდიან. დინამიკას თუ შევხედავთ, ტაიმის ბოლო წუთებზე ტყდებიან, რაც ლოგიკურია სათამაშო კლასიდან გამომდინარე. არ არის მარტივი მოუგო უელსს საკუთარ კედლებში და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. იტალია ტიერ 1-ის ქვეყნებიდან ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომია, ვისთანაც შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ, თუმცა მარტივი არ იქნება.“მაისაშვილის აზრით, თაობათა ცვლის პროცესი შედარებით უმტკივნეულოად მიმდინარეობს.
„თაობათა ცვლა ყოველთვის მტკივნეული პროცესია. განსაკუთრებით მაშინ, როცა არაერთი გამოცდილი მოთამაშე ტოვებს გუნდს, ისეთი როგორიცაა, მაგალითად, მამუკა გორგოძე და მის გარდა ბევრი მოთამაშე წავიდა. თუმცა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო, ნაკრების შემავსებლები იყვნენ ახალგაზრდა ნაკრებების მოთამაშეები. არ შეიძლება არ ვახსენოთ ამ შემთხვევაში კლუბების დამსახურება, რომლებიც აწვდიან ახალგაზრდულ ნაკრებებს რესურსს. ამ ბიჭებმა კარგად მოახერხეს ჩანაცვლება და თაობათა ცვლა იმდენად მტკივნეული არ იყო. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამე – მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიჭებს შევეჩვიეთ, სულ 2 წელია ნაკრებში თამაში დაიწყეს. მაგალითად, ტაბუცაძეს 19 თამაშიდან 18 ლელო აქვს დადებული, 19 თამაში ნაკრებში არაფერია, შესაბამისად მათ დრო სჭირდებათ. ჯერ ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ და ვცდილობთ, რომ ამ თაობათა ცვლის პროცესში სწორი ბალანსი დავიჭიროთ.“