Belive

ლევან კორღალიძე: "გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლას ვთხოვ, ვეცდებით იმედი არ გაგიცრუოთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "იბერია 1999" ჩაერთვება და მათი პირველი მეტოქე, ალბანური "პარტიზანი" იქნება.

ორმატჩიანი რაუნდის საწყისი შეხვედრა თბილისში, 25 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის წინ, ეროვნული ლიგის წარმომადგენელ გუნდში მესამედ დაბრუნებულმა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ვთვლი, გამიმართლა, რომ გუნდში ნაცნობი ფეხბურთელები დამხვდნენ. ბევრი მათგანი ჩემს დროს მოვიდა გუნდში და მათთან მუშაობის გამოცდილება უკვე მაქვს.

მართალია, მცირე დრო გვქონდა, მაგრამ შევეცადეთ, რომ ამ თითქმის ორ კვირაში, "პარტიზანთან" მატჩისთვის მაქსიმალურად მოვმზადებულიყავით.

გუნდში ორი კვირის მოსული ვარ და წარსულ შედეგებზე, წარმატებასა და წარუმატებლობაზე საუბრის მორალური უფლება არ მაქვს. გარდა ამისა, ყაზახეთის ჩემპიონატში ვმუშაობდი და გუნდის შედეგებს მხოლოდ სტატისტიკურად ვადევნებდი თვალს. გიორგი მიქაძის გაწეულ შრომაზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია.

როგორც მწვრთნელს, ევროპულ ტურნირებზე დებიუტი მაქვს. როგორც ფეხბურთელს აქამდე ამ მხრივ დიდი გამოცდილება მაქვს. ვიცი, რომ ეს მხოლოდ კონკრეტულ გუნდს არ ეხება, არამედ მთლიანად საქართველოს წარმოვადგენთ და მსურს რაც შეიძლება კარგი შედეგი დავაფიქსიროთ.

ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდია. საშუალო ასაკი 23 წელი გახლავთ და ახალგაზრდულ გუნდად შეგვიძლია ჩავთვალოთ. კარგი ფეხბურთის მოთამაშე გუნდია, რომელიც სათამაშო სისტემას მატჩებიდან მატჩებამდე და ასევე უშუალოდ თამაშის მსვლელობის დროს ხშირად ცვლის. როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარე ყველა გუნდს გააჩნია და შევეცდებით, რომ ჩვენი ანალიზი ფეხბურთელებამდე მაქსიმალურად სწორად მივიტანოთ და გადავცეთ ის მონახაზი და დავალებები, რაც გვაქვს.

გიორგი მაკარიძის დამატება ჩვენი გუნდისთვის სერიოზული ძალის დამატებაა. მიხარია, რომ მან ჩვენს გუნდში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა და პირადად მე და მთელს გუნდს, მისი ძალიან გვეიმედება. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, სასელექციო მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშავებთ, მაგრამ უახლოეს დღეებში სიახლეს არ ველოდებით.

მინდა გულშემატკივარს ვთხოვო, რომ სტადიონზე მივიდნენ. ჩვენი თამაშით, შევეცდებით, რომ მათ იმედი არ გავუცრუოთ. შევეცდებით, რომ ქომაგები შინ ბედნიერები გავუშვათ", - ამბობს ლევან კორღალიძე.

თბილისურ გუნდს, ალბანური "პარტიზანი" ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს: 2022 წლის ზაფხულში თბილისში (0:1) წაგების შემდეგ, იმ დროს "საბურთალომ", ალბანეთში ძირითადი დრო (1:0) მოიგო და პენალტების სერიაში (5:4) იმარჯვა.

სხვა სტატიები