ლეგიონერები ევროტურნირებზე: როგორი გამოდგა პირველი ეტაპი და რას ველოდებით მეორე რაუნდში?
უეფას ევროპის ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენს ლიგების 2024/25 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპები უკვე დაიწყო. მეორე ეტაპების დაწყების წინ, აღნიშნულ ტურნირზე 3 ქართული გუნდი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი", დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული, "იბერია 1999" და ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის მესამეადგილოსანი ქუთაისის "ტორპედო" გამოდის.
გარდა ქართული გუნდებისა, შესარჩევ ეტაპზე აქტიურად მონაწილეობენ ქართველი ლეგიონერებიც, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის პირველი რაუნდი წარმატებული აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე გამოსვლას აგრძელებენ.
ლუკა სილაგაძე და ლაშა ოდიშარია, ლატვიის "რფს";
უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიის ჩემპიონმა რიგის "რფს-მა" ჩრდილოეთ ირლანდიის "ლარნეს" დიდი ანგარიშით (3:0 და 4:0) აჯობა. ლაშა ოდიშარია ორივე შეხვედრაში მოედანზე შეცვლიდან შემოვიდა და ჯერ 14, შემდეგ კი 31 წუთი ითამაშა, რაც შეეხება ლუკა სილაგაძეს, ის ახალწვეულია და განაცხადში არ გახლდათ. მომდევნო ეტაპზე ქართველების გუნდი ნორვეგიის ჩემპიონ "ბოდო/გლიმტს" შეხვდება. საწყისი შეხვედრა ნორვეგიაში 23 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტარტს.
გურამ კაშია, ბრატისლავის "სლოვანი";
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისტორიული სანაკრებო ზაფხულის შემდეგ დასვენებისა და პაუზის გარეშე, სლოვაკეთის ჩემპიონში დაბრუნება გადაწყვიტა და ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპისკენ მიმავალ გზაზე ჩრდილოეთ მაკედონიური "შტრუგას" ძლევაში თავისი წვლილი შეიტანა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა შემადგენლობამ მეტოქეს ორივე მატჩი მოუგო (4:2 და 2:1), გურამ კაშიამ კი ორივე შეხვედრაში სრულად ითამაშა. სლოვაკები შემდეგ ეტაპზე სლოვენიის ჩემპიონ "სელიეს" შეხვდებიან. პირველი შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება.
დავით ვოლკოვი, "ზირა";
"საბაჰიდან" აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონ "ზირაში" დაბრუნებულმა დავით ვოლკოვმა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სრულად ითამაშა და 88-ე წუთზე, ტირასპოლის "შერიფს" გამარჯვების გოლიც გაუტანა (1:0), მაგრამ საპასუხო მატჩი მოლდოველებმა 3:1 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იმ შეხვედრაში მოედნიდან ძირითადი დროის დასრულებამდე 17 წუთით ადრე გავიდა. მისი გუნდი კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილ სლოვაკურ "დუნაისკა სტრედასთან" 25 ივლისს ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
გიორგი გულიაშვილი, ბოსნიური "სარაევო";
ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა "ველეჟ მონსტარში" იჯარის წესით თამაშის შემდეგ "სარაევოში" დაბრუნება გოლით აღნიშნა. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დედაქალაქურმა გუნდმა ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "აქტობესთან" ორმატჩიანი დუელი მოიგო. საწყის მატჩში (0:1) ქართველმა ფეხბურთელმა 16 წუთი ითამაშა, მეორეში კი (2:3) მოედანზე 120 წუთი გაატარა, მეტოქეს გოლიც გაუტანა და პენალტების სერიის შედეგად მისი გუნდი მეორე ეტაპზე გავიდა. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, აქ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი სლოვაკურ "სპარტაკ ტრნავასთან" 25 ივლისს გამართავს. საშინაო შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გათამაშებაში ლაშა დვალის "აპოელი" ჩაერთვება და რუმინულ "პეტროკუბს" შეხვდება. საწყის მატჩს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის გუნდი 23 ივლისს საშინაო კედლებში ითამაშებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი საქმეში აქტიურად ჩაერთვება. ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეა კრაიოვა" სლოვენიურ "მარიბორთან" ითამაშებს. საწყისი შეხვედრა სლოვენიაში, 25 ივლისს შედგება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.