Belive

ლაშა სილაგავა: "ჩანოსთვის წითელი ბარათის ჩვენება სწორი გადაწყვეტილება იყო"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს (2:0) აჯობა და ფინალში გავიდა.

მატჩის ერთ-ერთი გარდამტეხი ეპიზოდი 53-ე წუთზე მოხდა. კონკრეტულად, ლუქსემბურგის ნაკრების მცველმა, მაქსიმ ჩანომ აკრძალული მეთოდით, "ბოლო იმედის ჯარიმის" ტაქტიკურად გამოყენებით, საჯარიმოსკენ მიმავალი გიორგი მიქაუტაძე წააქცია. მთავარმა არბიტრმა, ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა ეპიზოდი დარღვევის გარეშე შეაფასა და ლუქსემბურგს ბურთი დაუტოვა. მეტოქე გუნდი შეტევაში წავიდა და გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ საქმეში VAR-ის სისტემაზე მომუშავე, ასევე ლა ლიგის წარმომადგენელი ესპანელი მსაჯები, ხავიერ მარტინეს მუნუერა და ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი ჩაერთნენ. მათ მთავარ არბიტრს ეპიზოდის ნახვისკენ მოუწოდეს. შედეგად, მთავარმა მსაჯმა, გოლი გააუქმა, ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, ჯარიმა კი სამართლიანად დააბრუნა.

მატჩის შემდეგ გამოცდილ ქართველ არბიტრს, ლაშა სილაგავას ვესაუბრეთ და მატჩთან დაკავშირებით მისი მოსაზრება მოვისმინეთ.

"თავდაპირველად, მინდა მივულოცო ჩვენს ნაკრებს და მთლიანად საქართველოს ეს გამარჯვება! ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ მატჩის MVP იყო ბუდუ ზივზივაძე და რა თქმა უნდა მთელი გუნდი მასთან ერთად. და არა არბიტრი!

რაც შეეხება მატჩის მთავარ ეპიზოდს, გიორგი მიქაუტაძის წაქცევა არბიტრმა თავიდან დარღვევად არ მიიჩნია, შესაბამისად არ გააჩერა თამაში. ასეთ სიტუაციებში, როდესაც VAR-ი საქმეში ერთვება, თამაში გრძელდება შემდგომ გაჩერებამდე. ამიტომ გადაიხედა მომენტი გოლის შემდეგ, რადგანაც მიქაუტაძის წაქცევიდან გოლამდე თამაში არ შეჩერებულა.

რაც შეეხება წითელ ბარათს, მიქაუტაძე გადიოდა პირისპირ მეკარესთან, ფლობდა ბურთს და ჰქონდა გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობა და ის წესების დარღვევით წააქციეს. შესაბამისად, წითელი ბარათიც სწორი გადაწყვეტილება იყო. სხვა საკითხია, მანამდე არღვევდა თუ არა მიქაუტაძე წესებს, როდესაც მაისურზე ექაჩებოდა ის მცველს, სანამ პოზიციას მოიგებდა? არც ეს აზრია მთლად უსაფუძვლო, თუმცა ჩემის აზრით მსაჯს თავიდანვე უნდა უნდა დაენიშნა ჯარიმა, რომელსაც შემდეგ VAR-ზე გადაამოწმებდნენ", - თქვა ლაშა სილაგავამ.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ფინალში, 26 მარტს შეხვდება. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები