Belive

ლა ლიგის პირველ ტურში გიორგი გაგუა ალავესის განაცხადში მოხვდა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Geo Team-ის ცნობით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი გაგუა ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში, "კადისთან" ჩასატარებელი მატჩის წინ, "ალავესის" განაცხადში მოხვდა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 აგვისტოს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში შეხვედრას საშინაო კედლებში ჩაატარებს და შესაძლოა, ახალ სეზონში, ის გიორგი მამარდაშვილის შემდეგ მეორე ქართველი გახდეს, რომელიც ლა ლიგაში ითამაშებს.

ამავე დროს, Geo Team-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, გიორგი გაგუას დამატება საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის გუნდს, ბრატისლავის "სლოვანს" სურს, რომელშიც ეროვნული გუნდის ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ.

გიორგი გაგუამ წინა სეზონი "ალავესიდან" განათხოვრების წესით ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში მყოფ "რეალ უნიონში" გაატარა და 28 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის 2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართა, გამორჩეული მოთამაშე იყო და რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების (2:0) მომტანი გოლის ავტორიც გახდა.

სხვა სტატიები