Belive

"ხულიან ალვარესის მეწყვილედ განიხილავენ" - ატლეტიკო მიქაუტაძის დამატებას შეეცდება

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ლიონიდან მადრიდის ატლეტიკოში ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

estoesatleti წერს, რომ მადრიდის ატლეტიკო ხულიან ალვარესისთვის შეტევის ხაზში მეწყვილეს ეძებს. აღნიშნავს, რომ საამისოდ, გუნდი ვიქტორ დიოკერეშის დამატებას ცდილობს, მაგრამ ეს არ გამოდის, რადგან შვედი ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლონდონის არსენალია. თუ ეს ტრანსფერი არ გამოვა, მაშინ ხულიან ალვარესთან წყვილში სათამაშოდ "როხიბლანკოსი" გიორგი მიქაუტაძის დამატებას შეეცდება.

"ატლეტიკო ცდილობს გამოიყენოს ოქროს შანსი, რომელიც მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მრავალმილიონიანი ვალების გამო ლიონის ოლიმპიკი ლიგა 2-ში დააქვეითეს. გიორგი მიქაუტაძე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ლიონის შემადგენლობაში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მან მეცში ბრწყინვალედ ითამაშა, 38 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა, რამაც ის ევროპის ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად აქცია. მისი საბაზრო ღირებულება 22 მილიონ ევროდ არის შეფასებული და ამჟამინდელ გუნდში ფინანსურმა მდგომარეობამ შესაძლოა მის რომელიმე ევროპულ გუნდში გადასვლას ხელი შეუწყოს. ამ ეტაპზე ლიონმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ გუნდის მენეჯმენტის არასწორი მუშაობის გამო საფრთხე მაინც არსებობს", - წერს estoesatleti.

24 წლის ქართველ ფეხბურთელს გასულ სეზონში ლიონის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული, ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით კი უკვე მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 20 გოლის მაჩვენებელს გადააბიჯა.

სხვა სტატიები