Belive

ხართა დუმილი, ანუ როგორ მოვუგეთ ესპანეთს

3 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

ამ მატჩის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, საქართველოს ნაკრები ესპანეთს 14 ქულით ისე მოუგებს, რომ მოქმედი ევროპის ჩემპიონები წინ სულ რამდენიმე წამით იქნებოდნენო, რბილად რომ ვთქვათ გასაკვირი იქნებოდა, პირველ რიგში, მოსამზადებელი ეტაპის გამო, სადაც ყველა მატჩი წავაგეთ. კაპიტან თორნიკე შენგელიას სრულფასოვანი შეკრება არ გაუვლია და მისი თამაში მხოლოდ დილას გადაწყდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა 50/50-ზე იყო სანდრო მამუკელაშვილის თამაშიც, თუმცა, საბოლოო ჯამში, მატჩს ჯანმრთელად შევხვდით, მისი დასრულების შემდეგ საათები გავიდა და შედეგი ყველგან იგივეა - ესეიგი არ დაგვსიზმრებია, ესეიგი სერჯო სკარიოლოს ტიტულოვანი ესპანეთი ნამდვილად დავამარცხეთ.

სათავეშივე უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთი თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესს გადის და მოსამზადებელ ეტაპზეც მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო - ჩეხეთთან. მოულოდნელად დამარცხდა პორტუგალიასთან და მოსალოდნელად საფრანგეთთან და მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან, თანაც ორ-ორჯერ.

კალათბურთში სტატისტიკა მეფეა და ჩვენი წარმატების დეტალებიც სწორედ ამ სტატისტიკაში იმალება.

გოგა ბითაძემ უმნიშვნელოვანესი სამქულიანები ჩააგდო

პირველ რიგში მოხსნები უნდა აღინიშნოს, სადაც მეტოქე პირწმინდად დავჩაგრეთ: როგორც შეტევაში (16:9), ასევე დაცვაში (30:20) - ჯამში 46:29. ეს ყველაფერი მეორე შანსით აღებულ ქულებშიც აისახა 12:5 - ამ კომპონენტში ესპანეთის დონის მეტოქის დაჯაბნა ბევრ რამეზე მეტყველებს.

მეტოქეზე უკეთესი გვქონდა სამქულიანის პროცენტი (29.6% 21.9%-ის წინააღმდეგ). ესპანეთმა 32 ნასროლიდან, მხოლოდ 7 სამიანი ჩააგდო, რაც დიდწილად ჩვენი კიდევ ერთი მუდმივი პრობლემის აღმოფხვრით, პერიმეტრის დაცვით მოვახერხეთ. დიდწილად ესპანელებს შორი მანძილიდან ტყორცნა არც ისე კომფორტულ სიტუაციაში უწევდათ.

ინდივიდუალურადაც შეფასება რომ გავაკეთოთ აუცილებლად სანდრო მამუკელაშვილით უნდა დავიწყოთ - ის ხდება იმ კალიბრის მოთამაშე, რომლის შეჩერებაც მეტოქე გუნდისთვის დიდი თავსატეხია - გრიგალისებრი შესვლები, საჭირო სამიანები, მნიშვნელოვანი მოხსნები - ეს ყველაფერი ნელ-ნელა "რაპტორსის" ახალწვეულის სავიზიტო ბარათი ხდება.

გოგა ბითაძე - რომ, არა რამდენიმე ჯარიმა, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, გოგას კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალებით ვნახავდით, თუმცა, როგორ შეიძლება დაგვავიწყდეს ის ორი სამიანი, ჯერ ერთი, შემდეგი კი მეორე კუთხიდან რომ ჩააგდო და ესპანეთი წელში გადატეხა.

თორნიკე შენგელია - ეს გუნდი თორნიკეთი და მის გარეშე ორი სხვადასხვა განზომილებაა, თორნიკეს სათამაშო კომპონენტებთან ერთად, პარკეტზე მენტალიტეტიც შემოაქვს, რაც შემდეგ ყველას გადაედება ხოლმე. ლიმიტირებული წუთები გასაგებია - თოკომ იმაზე 13-15 წუთით ნაკლები ითამაშა, ვიდრე ტრადიციულად უწევს ხოლმე. ამ დროშიც მოახერხა ის, რომ საკვანძო მონაკვეთებში ცივსისხლიანი ყოფილიყო და საჭირო ქულები შეემატებინა.

კამარ ბოლდუინი - ამერიკელ ლეგიონერს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, ფინეთთან შეხვედრების შემდეგ საკმაოდ მაღლა აწეული თამასის შემდეგ, მოსამზადებელი მატჩების ვერ იყო ისეთი, როგორიც გვეიმედებოდა, თუმცა ამ მატჩში რამდენიმე კარგი შესვლით და ბოლოში სიმბოლური სამქულიანის დაჭედებით, ნამდვილად გამოჩნდა ის კონტურები, რაშიც ბოლდუინის შედეგიანობა უნდა ჩაიხატოს.

უნდა აღინიშნოს ალეკსანდრ ჯიკიჩის დროული ცვლილებები, ლიდერებისთვის სწორად გადანაწილებული დრო და საჭირო ტაიმ-აუტები, შემთხვევითი არ იყო, რომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თორნიკე შენგელიამ მთავარ მწვრთნელზე ვრცლად ისაუბრა.

საბოლოოდ კარგი დაცვითა და მაქსიმალურად უშეცდომო თამაშით, ქართველმა მატადორებმა ესპანური ხარი დაადუმეს და ეს სავარაუდოდ მერვედფინალისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯიცაა. - წინ იტალიაა, გუნდი, რომელიც კალათბურთში დაახლოებით ისეა ჩვენთვის, როგორც ფეხბურთში ირლანდია, მის დამარცხებას ვერა და ვერ ვახერხებთ და ვინ იცის, იქნებ სწორედ ლიმასოლი იყოს ბრძოლის ის ველი, სადაც მორიგი ,,ძლევაი საკვირველი” შედგება.

სხვა სტატიები