Belive

JUDOINSIDE | ილია სულამანიძე 100 კგ წონით კატეგორიას აზანზარებს, კანიკოვსკის მოსამატებელი აქვს

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2025 წლის ძიუდოს ტური ოფიციალურად დასრულებულია, რომელიც ტოკიოს გრანდ სლემმა დახურა.

ილია სულამანიძე ტურნირის ჩემპიონი გახდა - ის მხოლოდ მეოთხე ქართველია, ვინც ტოკიოს გრანდ სლემზე ამის გაკეთება შეძლო: დავით ბოდაველი (საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში/1982), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2015), ბექა ღვინიაშვილი (2019). ილიამ ჯერ სამხრეთ კორეელ ძიუდოისტს სძლია, შემდეგ გზიდან ორი რუსი ჩამოიშორა (ნიაზ ბილალოვი და მატვეი კანიკოვსკი), ფინალში კი ადგილობრივი დოტა არაი დაამარცხა ბრწყინვალე იპონით.

ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა 'Judoinside' ილია სულამანიძის ტრიუმფს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც ილია კარგ ფორმაში იმყოფება, მისი დამარცხება თითქმის შეუძლებელია და ეს კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მან ოლიმპიური ჩემპიონობა ვერ შეძლო, სადამდეც სულ რაღაც 12 წამი დააკლდა.

"ტოკიოს მეტროპოლიტენის გიმნაზია ხმაურით აფეთქდა, როდესაც არენაზე ილია სულამანიძე და ადგილობრივი სპორტსმენი დოტა არაი შევიდნენ. ეს შეჯიბრი ტოკიოს 2025 წლის გრანდ სლემის მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო - აზიური და ევროპული სტილები, მარცხენა და მარჯვენა მხარეებს შორის დაძაბული ბრძოლა და ორი შესანიშნავი სპორტსმენი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ თავიანთი საუკეთესო ძიუდოს წარმოსაჩენად.

საბოლოოდ გამარჯვებული ილია სულამანიძე გახდა, რომელიც როგორც ჩანს ტოკიოსთვის ძალიან კარგად იყო მომზადებული და სრულიად დამსახურებული ოქროს მედალიც მოიპოვა.

ტოკიოში ნათლად გამოჩნდა, რომ ილია სულამანიძე როდესაც მაგარ ფორმაშია, მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია და იგი ამ წონით კატეგორიას აზანზარებს.

რაც შეეხება მის მთავარ კონკურენტ მატვეი კანიკოვსკის, იგი აშკარად დიდი წნეხის ქვეშ ჭიდაობდა, რამაც შედეგი გამოიღო და მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ეს შეიძლება იმასაც დავაბრალოთ, რომ მან მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ პირველად იჭიდავა, თუმცა ფაქტია, რომ თუ მას ამ წონაში ოქროს გვირგვინი სურს, ამაში ხელს ილია სულამანიძე შეუშლის, რომელიც თავის მხრივ შეჯიბრიდან შეჯიბრამდე უმატებს." - ვკითხულობთ Judoinside-ზე.

2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ტური ოფიციალურად დასრულებულია. ბევრად უფრო სასიამოვნოა, რომ 2025 წელს ტოკიოს ოქროს მედლით ვასრულებთ, რომელიც ილია სულამანიძის ანგარიშზეა.

2026 წლის პირველი ოფიციალური და პრესტიჟული შეჯიბრი პარიზის გრანდ სლემი იქნება, რომელიც 7-8 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები