JUDOINSIDE: "გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს"
მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწვრთნელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ოქროს ხანისა და თაობის არქიტექტორი - ლაშა გუჯეჯიანი, ტაშკენტში ჩავიდა, სადაც უზბეკეთის ძიუდოს ფედერაციაში დაიწყებს მუშაობას და ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მისი დანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია.
გუჯეჯიანმა საქართველოს ვაჟთა ნაკრებიდან წასვლის შესახებ გასულ კვირას, სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა და წერტილი დასვა ეპოქას, რომლის დროსაც საქართველო მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთ მთავარ ჰეგემონად იქცა. 40 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რთული, თუმცა აუცილებელი იყო.
მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურმა ოქრო მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა - ვერცხლის მედლები. ოთხი წლის შემდეგ, პარიზში, ბექაურმა ტიტული დაიცვა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი აქტივს კიდევ ორი ვერცხლი შემატეს. მსოფლიოსა და ევროპის მრავალრიცხოვან ტიტულებთან ერთად, გუჯეჯიანმა შექმნა თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი.
უზბეკეთი, რომელიც ბოლო წლებში ძიუდოს ინფრასტრუქტურასა და ელიტურ პროგრამებში უდიდეს ინვესტიციებს დებს, გუჯეჯიანისთვის იდეალური პლატფორმაა. მათ შთამბეჭდავი გამოცდილება აქვთ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის - მანამდე ნაკრებს ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) ავარჯიშებდა, რომელმაც უზბეკურ ძიუდოს მძლავრი საძირკველი ჩაუყარა, მოგვიანებით კი მარკო სპიტკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიორა კელდიოროვას ოლიმპიურ ტრიუმფში.
სანამ გუჯეჯიანი ტაშკენტში ახალ ოლიმპიურ ციკლს დაიწყებს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ურთულესი ამოცანა აქვს - იპოვოს შემცვლელი მწვრთნელისთვის, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეპოქა შექმნა.