Belive

Judo Online | "ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრებს არ ჩაიბარებს - ნაკრები ახალ სისტემაზე გადავა"

13 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ქართულ ძიუდოში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების პერიოდი დაიწყო. ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მისი ხელმძღვანელობით არსებული, წარმატებებითა და ტიტულებით სავსე 8-წლიანი ეპოქა ოფიციალურად დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტი კარიერას უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებში გააგრძელებს.

ძიუდოს ცნობილი და ავტორიტეტული გამოცემა "Judo Online" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია და მინიშნებები იმის შესახებ, რომ გუჯეჯიანის წასვლის შემდეგ ეროვნულ გუნდს ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) უხელმძღვანელებდა, რადგან ის საქართველოს მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ეს ინფორმაცია სიცრუეს შეესაბამება და დადასტურებული ინფორმაციით, ლეგენდარული ჯარჯი ზვიადაური საქართველოს ნაკრებს არ ჩაიბარებს.

დღეს ზვიადაური საუდის არაბეთის ძიუდოს ფედერაციის მწვრთნელია. ახლა მას ერთ-ერთი ყველაზე გაბედული მისია აქვს დაკისრებული - საუდის არაბეთის ძიუდოს რეგიონულ ძალად გადაქცევა. ამჟამად ილიადისი, რუსტამ ორუჯოვთან ერთად, აქტიურ მუშაობას სწორედ საუდის არაბეთში აგრძელებს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გუნდს ამჟამად არ ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი და შესაძლოა არც ჰყავდეს, რადგან მათ ინდივიდუალურად გამოჰყვებიან პირადი მწვრთნელები და ასევე არსებობს იმის ვარიანტი, რომ ნაკრები ახალ სამწვრთნელო სისტემაზე გადავა (სამწვრთნელო შტაბი იქნება, ფედერაცია მენეჯერის ფუნქციას შეითავსებს, რომელსაც სამოქმედო გეგმა დაესახება).

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.

სხვა სტატიები