იური ტაბატაძე: "ლა ლიგაში პირდაპირ ასვლისთვის ბრძოლა თავისუფლად შეგვიძლია"
2025/26 წლების სეზონში, ქართველ ლეგიონერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო დასაწყისი იური ტაბატაძეს აქვს. რომელიც რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მოთამაშე კადისში გადაბარგდა და ანდალუსიური გუნდის გულშემატკივრებს თავი უკვე შეაყვარა. საწყის ორ მატჩში 3 გოლის გატანით 25 წლის ქართველი ფეხბურთელი გუნდის ისტორიაში მსგავსი მიღწევის მქონე სადებიუტო მოთამაშეა. ესპანური სპორტული მედიის გვერდებზე კი იური ტაბატაძის სახელი და გვარი უფრო და უფრო ხშირად ხვდება.
სეზონის დიდებული დასაწყისის შემდეგ, იური ტაბატაძეს ესპანეთში დავუკავშირდით და კარიერის ახალი ეტაპის შესახებ ვესაუბრეთ.
საქართველოს ეროვნულ ლიგაში კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი გაქვს და ძნელი წარმოსადგენია რომ ყურადღების ნაკლებობა გეგრძნო. ამიტომ, ალბათ ბევრ შეთავაზებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწია. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
საქართველოს ეროვნულ ლიგაში კარგად დავიწყე თამაში, ამ მომენტში საუკეთესო ბომბარდირი ვარ და ასევე, მსურდა, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი.
სეზონის შუაში რამდენიმე წინადადება გამოჩნდა. რადგან ესპანეთის ჩემპიონატიდან შემოთავაზება მივიღე, აღარ დავფიქრდი და კარიერის კადისში გაგრძელება ავირჩიე. შედარებით დაბალი დონის ევროპული ჩემპიონატებიდან წინადადებები არსებობდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თავის უკეთ წარმოჩენის და კარიერული წინსვლისთვის, ლა ლიგა 2 შესანიშნავი პლაცდარმია, სწორედ კადისის ვარიანტს დავთანხმდი.
იბერია 1999-ის ხელმძღვანელობა ძალიან დამეხმარა. გარკვეული შეფერხებები არსებობდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმაში და კადისში გადმოსვლაში დამეხმარნენ.
გასულ წლებში, ესპანეთის ჩემპიონატში არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა წარმატებული კვალი დატოვა. რა ინფორმაციით დაგხვდნენ კადისში ქართული ფეხბურთის შესახებ?
ქართველ ფეხბურთელებზე გარკვეული ინფორმაციები ჰქონდათ. გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, რომლებიც წინა სეზონში ლა ლიგა 2-ში თამაშობდნენ, ზოგადად ის ფეხბურთელები, რომლებსაც ესპანეთში უთამაშიათ, თითქმის ყველა მათგანი იციან. ასევე, ცხადია ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ქართველი ფეხბურთელები.
გულშემატკივრებისგან დასაწყისიდანვე ძალიან თბილი დამოკიდებულება იგრძნობა, როგორია ესპანელ ქომაგებთან ურთერთობა?
ტრანსფერი ჯერ კიდევ ოფიციალურად არ გახლდათ დადასტურებული, როცა კადისის ქომაგების მხრიდან ასობით შეტყობინება მივიღე, წარმატებას მისურვებდნენ და ამან განაპირობა ჩემი მათდამი დამოკიდებულება. ამიტომ ვცდილობ, რომ გოლები მათთან ერთად ვიზეიმო და რაც შეიძლება მეტად გავახარო.

ასეთ დასაწყისს, ალბათ არც ელოდი. რამდენად დაგეხმარება გუნდში ადაპტირებაში ორ მატჩში 3 მნიშვნელოვანი გოლის გატანა?
მიზნად დავისახე, რომ საწყისი მატჩებიდანვე კარგად მეთამაშა და მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელობის, გულშემატკივრების ნდობა დამემსახურებინა. ვფიქრობ, ჯერჯერობით მშვენივრად გამოდის. შევეცდები, რომ ასე გავაგრძელო და მატჩიდან მატჩამდე საკუთარი შესაძლებლობები დავამტკიცო.
გაისკა გარიტანო ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. როგორია მასთან მუშაობა?
ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი მწვრთნელი გვყავს. კონტრაქტის გაფორმებისთანავე გამესაუბრა, გამიმართლა, რადგან ინგლისური იცის და ჩემი სათამაშო უნარების, კომფორტული პოზიციების შესახებ ვისაუბრეთ.
საწყისი მატჩებიდანვე დავალებას მაძლევდა, რომ მეტოქის დაცვის ზურგსუკან შემერბინა, რადგან სივრცეები არსებობდა და მეც მაქსიმალურად ვცდილობდი ამ სივრცის გამოყენებას, რამაც შედეგიც მოიტანა.
გაისკა გარიტანო ცდილობს, რომ შედარებით ნაკლებად გარისკოს, მაღალი პრესინგი ითამაშოს, მეტოქის ნახევარსა და მესამედის სიახლოვეს ვიმოძრაოთ და შექმნილი შანსები გამოვიყენოთ.
ფიზიკური თვალსაზრისით საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია. მეგონა, საქართველოს ეროვნულ ლიგაში ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვარ, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემზე მეტი თუ არა, ნაკლები მომზადების ფეხბურთელები ლა ლიგა 2-ში არ თამაშობენ. არანორმალურად ბევრს დარბიან. საწყის ვარჯიშზე ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი დატვირთვა მოგვიწევდა.
ენობრივი ბარიერი ხომ არ გიშლის ხელს? გუნდში ლეგიონერებიც არიან და ალბათ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია შეუძლიათ...
ლეგიონერებიც ესპანურად საუბრობენ, რადგან დიდი ხანია აქ არიან და ენა ისწავლეს. მხოლოდ სერბი მცველი, ბოიანი საუბრობს ინგლისურად და ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ. ესპანელებიდან, კაპიტანმა შესანიშნავად იცის ინგლისური ენა, ხშირად მესაუბრება, ბევრ რამეს მიხსნის და გუნდთან ადაპტირებაში მეხმარება.
საქართველოს ჩემპიონატში ბომბარდირობის თეორიული შანსი ჯერ ისევ გაქვს, იბერია 1999 კი კვლავ ეროვნული ლიგის ლიდერია. რას უსურვებ შენს მშობლიურ გუნდს?
11 გოლით საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობა გამორიცხულია, ამიტომ ჩემს თანაგუნდელებს ვგულშემატკივრობ. იმედი მაქვს გიზი მამაგეიშვილი გამასწრებს და საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. პენალტებსაც შეასრულებს და იმედი მაქვს, იბერია 1999-ს წარმატებაში დაეხმარება.
გასული წლების განმავლობაში, ზაფხულის შემდეგ, სამწუხაროდ ქართულ გუნდებს მცირე კრიზისი აწუხებთ ხოლმე, მაგრამ ეს პერიოდი გადაილახა. იბერია 1999-ს ვგულშემატკივრობ, იმედი მაქვს ჩემს მატჩებს არ დაემთხვევა და ყველა თამაშს ვუყურებ. დიდი იმედი მაქვს, იბერია 1999 საქართველოს ჩემპიონატს და თასს მოიგებს და მეც მედალს მივიღებ.

7 სექტემბერი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე გამოვიდა. შენ დუბლი შეასრულე, პარალელურად კი საფეხბურთო და საკალათბურთო ნაკრებები თამაშობდნენ. მოგვიყევი ამ დღეზე.
რეალ სოსიედად ბ-სთან მატჩის დროს საქართველოს ფეხბურთელთა და კალათბურთელთა ნაკრებები თამაშობდნენ. გასახდელში, ტელეფონი გვერდით მედო და ანგარიშებს ვამოწმებდი. სანამ ჩვენს მატჩში მეორე ტაიმი დაიწყებოდა, კვარას უკვე გოლი ჰქონდა გატანილი და მივხვდი, რომ ფეხბურთელთა ნაკრები ბულგარეთს მოუგებდა. კალათბურთელთა ნაკრების ანგარიშიც რომ ვნახე და მივხვდი, რომ გამარჯვებას მოახერხებდნენ, მოედანზე დამატებითი მოტივაციით შევედი და ვეცადე, რომ დღე წარმატებულად დამეგვირგვინებინა და ასეც გამოვიდა.
ასეთი დასაწყისის შემდეგ ალბათ ლა ლიგა 2-ში ბომბარდირობისთვის ბრძოლაზე ფიქრიც აღარ არის არარეალური?
ცხადია, რომ ბომბარდირობა და მსგავსი ინდივიდუალური ჯილდოები ყოველთვის მიზნად მაქვს, მაგრამ მთავარი გუნდის დახმარება და წარმატების მიღწევაში წვლილის შეტანაა.
ესპანურ ფეხბურთთან უკეთ ადაპტირებისთვის, როგორ ფიქრობ შენს თამაშში რომელი დეტალის გაუმჯობესებას ისურვებ?
ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს ვიჩქარე და რამდენიმე ბურთი დავკარგე, რითიც ჩემი თავით უკმაყოფილო ვარ. შევეცდები, რომ გადაწყვეტილებები უფრო მეტად გააზარების შემდეგ მივიღო. ასევე, უფრო მეტი უნდა ვირბინო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, რომ გუნდს შედეგის მიღებაში მაქსიმალურად დავეხმარო.
ლა ლიგა 2-ში გუნდებს შორის საკმაოდ თანაბარი დონეა, როგორ ფიქრობ, რამდენად შეუძლია შენს გუნდს კონკურენციაში წარმატების მიღწევა?
ლა ლიგაში დაბრუნება გუნდის მთავარი მიზანია. ვფიქრობ, კადისი ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელია, რომელიც იმედია მალე დაგვიბრუნდება და ლა ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გვექნება.
ჩემი აზრით, პლეი-ოფი პროგრამა მინიმუმია და თავისუფლად შეგვიძლია რომ ლა ლიგაში პირდაპირ ასასვლელად ვიბრძოლოთ. გვყავს ტექნიკურად მაღალი დონის, ახალგაზრდა, ენერგიული ფეხბურთელები.
ჯერ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და დაახლოებით 10 ტურის შემდეგ გარკვეული მონახაზი გამოიკვეთება, რომელი გუნდები იქნებიან მთავარ ფავორიტები და ჩვენი კონკურენტები, მაგრამ მგონია, რომ ჩვენს გუნდს შესწევს ძალა, ლა ლიგაში გადასასვლელად აქტიურად იბრძოლოს.