ისტორიული მატჩი გურამ კაშიასთვის: რა თქვა ვაისმა პრესკონფერენციაზე?
საქართველოს ნაკრების კაპიტანს, გურამ კაშიასა და ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოუახლოვდათ.
21 აგვისტოს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საწყის მატჩში, ბრატისლავის "სლოვანი" დანიის მოქმედ ჩემპიონ "მიდტიულანდს" სტუმრად შეხვდება.
ამ ეტაპის ბარიერის გავლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების წინა დამრიგებელი კარიერაში მეორედ სლოვაკურ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს ("არტმედია", შემდეგში "პეტრჟალკა" 2005 წელს).
რაც შეეხება გურამ კაშიას, ჩვენი ნაკრების ცენტრალური მცველი დანიურ გუნდთან გამარჯვების შემთხვევაში, კარიერაში სადებიუტოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. 37 წლის კაშიასთვის 2024 წელი შესაძლოა განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგეს: მას შანსი აქვს, რომ ევროპის მთავარ საკლუბო და სანაკრებო ტურნირებზე სადებიუტოდ, თანაც სულ რაღაც 3-თვიანი ინტერვალით ითამაშოს.
მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გამარჯვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"მიდტიულანდი" "ლილთან" ერთად ყველაზე ძლიერი მეტოქეა, რომელსაც შეიძლებოდა შევხვედროდით. ჩვენი მეტოქე, თანამედროვე ფეხბურთისთვის შესაბამისი მაღალი დონის სტანდარტებით ძლიერია: კარგი გუნდი, აკადემია და ინფრასტრუქტურა.
ვფიქრობ, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს. საფეხბურთო მატჩი ყოველთვის 0:0 ანგარიშით იწყება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საშინაო მატჩში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვქონდეს.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ბევრი დადებითი მხარე აქვს: მეტი საპრიზო თანხა, გულშემატკივრებისთვის შანსი, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები იხილონ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია ოცნების ასრულებაა. ჩვენ, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გვაქვს შანსი, რომ ოცნება ამ ორ მატჩში ჩვენი გმირული თამაშით ავისრულოთ", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.
ბრატისლავის "სლოვანი" ორმატჩიანი რაუნდის საწყის შეხვედრაში დანიურ "კოპენჰაგენს" 21 აგვისტოს სტუმრად შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.