ირის ანტმანი: "ფეხბურთელები ამდენს ასეთი მომენტებისთვის შრომობენ"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას 16 ივლისს გამართავს. ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი აღნიშნულ შეხვედრაში ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად შეხვდება. ეს შეხვედრა ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დივიზიონში 7 ქულა აქვს დაგროვებული და თუ ამ მატჩში გამარჯვებას მოიპოვებს, მაშინ საუკეთესო მეორეადგილოსანთა შორის მოხვედრის შანსს მიიღებს, რაც შვეიცარიაში გასამართი ტურნირის პლეი-ოფში გასვლას ნიშნავს.
"ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბელარუსთან წაგებულმა შეხვედრამ ბევრი რამ გვასწავლა. დაცვაში იგივე ხარისხი და კონცენტრაცია თუ ვაჩვენეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ლიეტუვასთან მატჩი ფინალია და გოგონებმა ძალიან კარგად იციან, რისი მიღწევა შეუძლიათ 3 ქულის მოპოვებით. ისტორიის დაწერის შესაძლებლობა აქვთ.
ვიცით, რომ ფიზიკურად რთული თამაში გველის. გამარჯვებული ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გასვლის შანსი ექნება. ფინალი გველის და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა ჩვენთვის. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გამოწვევა გვაქვს. სწორედ ასეთი მომენტებისთვის შრომობენ ფეხბურთელები ამდენს", - ამბობს ირის ანტმანი.
საქართველოს ქალთა ნაკრები ლიეტუვასთან მატჩს 16 ივლისს გამართავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.