ირაკლი ეგოიანი არნემის ვიტესში ითამაშებს
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ირაკლი ეგოიანი ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობ გუნდში, არნემის "ვიტესში" ითამაშებს.
20 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდების ერედივიზიონიდან ერსტედივიზიონში დაქვეითებულ გუნდში "ტვენტედან" გადავიდა, რომლის ახალგაზრდულ შემადგენლობაშიც 2017 წლის შემდეგ თამაშობს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გარკვეული საკითხების მოგვარების შემდეგ, ახალი კონტრაქტის გაფორმება შემიძლია. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი დავიცვა ისეთი გუნდის ღირსება, როგორიც "ვიტესია". მინდა, რომ გუნდის მხრიდან ჩემი მისამართით გამოცხადებული ნდობა გავამართლო, მიღებული შანსი გამოვიყენო და ნახევარდაცვის ზონაში "ვიტესისთვის" სარგებლის მოტანა შევძლო", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი.
"საწყის ვარჯიშებში, ირაკლიმ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის ცდილობს, რომ იყოს მიზანმიმართული და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი თავისგან მაქსიმალური სარგებლის გამოდნობა შეძლოს. ეს არის ის თვისება, რაც მას ძალიან კარგ ფეხბურთელად აქცევს. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლის შეუძლია გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გახდეს", - ამბობს "ვიტესის" სკაუტური მიმართულების ხელმძღვანელი და ვეტერანი ფეხბურთელი, თეო იანსენი.
ირაკლი ეგოიანი საქართველოში დაიბადა და ადრეულ წლებში ნიდერლანდებში გადაბარგდა. მან საფეხბურთო კარიერა "მარკელოში" დაიწყო, შემდეგ ჯერ დენ ჰელდერის", მერე კი 2013-დან 2017 წლამდე ამსტერდამის "აიაქსის" აკადემიაში ითამაშა, ხოლო 2017 წელს "ტვენტეში" აღმოჩნდა. 2023 წელს, ის "ტვენტეს" მთავარი გუნდის განაცხადში მოხვდა.
რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას ყოფილ გუნდს, არნემელები ერედივიზიონიდან 2023/24 წლების სეზონის შემდეგ დაქვეითდნენ. არნემულმა გუნდმა, რომლის პრეზიდენტიც წარსულში მერაბ ჟორდანია გახლდათ, ახალი სეზონიდან მთავარ მწვრთნელად იონ ვან დენ ბრომი დანიშნა. ნიდერლანდელი სპეციალისტი წინა სეზონებში, პოლონეთის ექსტრაკლასაში, ნიკა კვეკვესკირსა და გიორგი წიტაიშვილს პოზნანის "ლეხის" მთავარი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა. მნიშვნელოვანია, რომ არნემის მთავარ გუნდს ისტორიაში ერთადერთი ტიტული, ნიდერლანდების თასი აქვს მოგებული, რომელიც 2017 წელს, გურამ კაშიამ კაპიტნის რანგში აღმართა.