ირაკლი აზაროვი უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
18 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
უკრაინის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში დონეცკის შახტარმა კუდრივკას 3:1 აჯობა. ამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 74 წუთი ითამაშა 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რა დროშიც საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა და სათამაშო კვირის გამორჩეულ თერთმეტეულში მოხვდა.
"შახტარის ქართველი მცველი იშვიათად ჩნდება მოედანზე, რადგან პედრო ენრიკე "მეშახტეების" უდავო მთავარი მარცხენა მცველია. არდა თურანმა ბრაზილიელს დასვენების შესაძლებლობა მისცა, აზაროვმა შანსი მიიღო და კარგად ითამაშა. ქართველი რეგულარულად ერთვებოდა შეტევაში და ბონდარენკოს საგოლე გადაცემა გაუკეთა", - წერს UA Football.
დონეცკის შახტარი უკრაინის ჩემპიონატს ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილს კი შოთა ნონიკაშვილისა და გიორგი მაისურაძის გუნდები, შესაბამისად, ჩერკასი და ჟიტომირ პოლისია იკავებენ. ირაკლი აზაროვის გუნდი ევროპის კონფერენს ლიგის ნახევარფინალშია გასული და კრისტალ პალასთან ორრაუნდიანი დუელი ელოდება.