Belive

ილია თოფურია: "ბერნაბეუზე ბრძოლა ახლოვდება, მეტ ინფორმაციას უფრო მალე გაიგებთ..."

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი - ილია თოფურია მადრიდში იმყოფება, სადაც საჩოგბურთო შეჯიბრს - მადრიდის მასტერსს დაესწრება.

მან, 23 აპრილს უკვე მოინახულა მადრიდული კორტები და მსოფლიოს მესამე ჩოგანს - კარლოს ალკარასსაც შეხვდა, რომელთან ერთადაც ჩოგბურთიც ითამაშა და ესპანელ ამომავალ ვარსკვლავს - UFC-ს პატარა მასტერკლასიც ჩაუტარა.

ჩოგბურთის გარდა, ქართველი ჩემპიონი აგრძელებს თავის მომავალზე ფოკუსირებას. გამოწვევები კვლავ ჩნდება: ბრაიან ორტეგა არის ერთ-ერთი ვარიანტი ილია თოფურიასთვის, თუმცა ყველაზე ხმამაღლა მაქს ჰოლოუეის სახელი ჟღერს, რომელმაც UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი გამოიწვია.

ილია თოფურიამ უკვე დაიწყო საუბარი, რომ ძალიან მალე იგი ბრძოლას საფეხბურთო სტადიონზე, კერძოდ კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩაატარებს, თუმცა ეს არ მოხდება სექტემბრის ან ოქტომბრის თვეში, მაშინ, როდესაც ილია თოფურია სავარაუდოდ ოქტაგონზე დაბრუნდება.

თოფურიამ დაასახელა სავარაუდო დრო, როდესაც იგი "სანტიაგო ბერნაბეუზე" იბრძოლებს. ქართველი მატადორის თქმით, იგი უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს UFC-სთან, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში, მადრიდში UFC-ს ერთ-ერთი ივენთი გაიმართოს, სადაც მონაწილეობას თავადაც მიიღებს.

"ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ UFC Spain-ს სანტიაგო ბერნაბეუზე. როდესაც საჩემპიონო ქამარი ამ სტადიონზე წარვადგინე, მხოლოდ ერთ წერტილში ვიყურებოდი, იქ სადაც სავარაუდოდ ადრე თუ გვიან UFC-ს ოქტაგონი დადგება.

წარმოდგენაშიც კი უკვე საოცარი გრძნობა იყო. წარმოვიდგინე რომ ამ ლეგენდარულ სტადიონზე ჩემი მეტოქე წინ მედგა და ვიბრძოდი. საოცარი გრძნობა იყო, რომელსაც ძალიან მალე უკვე რეალობად ვაქცევ..." - ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია პირველი ქართველი UFC-ს ჩემპიონია. მან საჩემპიონო ბრძოლაში ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ქამარი მოიპოვა.

სხვა სტატიები