Belive

IJF-ს განახლებული რეიტინგი: გრიგალაშვილი ლიდერია, მაისურაძე დაწინაურდა, თუშიშვილი დაქვეითდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ) მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

60 კგ |

60 კგ წონით კატეგორიაში, პარიზის გრანდ სლემი მეშვიდე ადგილით დაასრულა თემურ ნოზაძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ნოზაძის ანგარიშზე 2983 სარეიტინგო ქულაა.

66 კგ |

პარიზის გრანდ სლემზე 66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა იასპარეზა. განახლებულ რეიტინგში ბაგრატ ნინიაშვილი 8 პოზიციით დაწინაურდა და 48-ე ადგილზე გადაინაცვლა. მის ანგარიშზე 915 სარეიტინგო ქულა.

73 კგ |

პარიზის გრანდ სლემი, ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა - ლაშა შავდათუაშვილმა ტრიუმფით დაასრულა. მან ეს ყველაფერი ზედიზედ მეორედ შეძლო, შესაბამისად მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა.

ლაშა შავდათუაშვილის ანგარიშზე 6935 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანელ - ჰიდაირატ ჰეიდაროვს, 935 ქულით უსწრებს.

81 კგ |

81 კგ წონით კატეგორიასა და მსოფლიო რეიტინგს ერთი ლიდერი - ტატო გრიგალაშვილი ჰყავს.

ტატომ წარმატებული 2022 წლის შემდეგ, 2023 წელიც ტრიუმფით დაიწყო და პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. 23 წლის ქართველი ფალავანის ანგარიშზე 9046 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ მის უშუალო კონკურენტ, ბელგიელ - მატიას კასეს 1471 სარეიტინგო ქულით უსწრებს.

90 კგ |

პარიზის გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ლუკა მაისურაძემ მსოფლიო რეიტინგში 500 ქულა მოიპოვა და ამ წონითი კატეგორიის მეორე ნომერი გახდა.

მაისურაძის ანგარიშზე 5300 სარეიტინგო ქულაა და პირველ ადგილზე მყოფ, უზბეკ - დავლათ ბობონოვს მხოლოდ 498 სარეიტინგო ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ბექაური პარიზის გრანდ სლემის პირველივე ეტაპზე დამარცხდა და მსოფლიო რეიტინგში მეცხრე ნომერია. მის ანგარიშზე 3560 ქულაა.

100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში ქართველთათვის პოზიციები უცვლელია.

ილია სულამანიძე წონითი კატეგორიის ლიდერია 6446 ქულით, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი კი 2641 ქულით 15 პოზიციას იკავებს.

+100 კგ

პარიზის გრანდ სლემზე, მძიმე წონით კატეგორიაში ქართველებმა წარუმატებლად იასპარეზეს.

გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას.

თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა და მეორე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა. მის ანგარიშზე 4565 სარეიტინგო ქულაა.

საბა ინანეიშვილის პოზიცია კი უცვლელია, ახალგაზრდა ქართველის ანგარიშზე 1365 სარეიტინგო ქულაა და 31 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები