IJF-ს განახლებული რეიტინგი - ღვინიაშვილისა და სარდალაშვილის დიდი წინსვლა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF), აბუ დაბის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.
აღსანიშნავი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ განახლებულ რეიტინგში დიდი წინსვლა აქვთ აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონებს: გიორგი სარდალაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს, ასევე ვიცე-ჩემპიონს სოფიო სომხიშვილს.
-60 კგ
-60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო. ამ გამარჯვებით მას 1000 სარეიტინგო ქულა დაემატა და მსოფლიოს მე-20 ნომრიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. ახლა მის ანგარიშზე 2926 სარეიტინგო ქულაა.
-90 კგ
აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა. ჩემპიონობით ბექა ღვინიაშვილმა 1000 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში მეხუთე პოზიციიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა ღვინიაშვილის ანგარიშზე 4835 სარეიტინგო ქულაა.
+78 კგ
კარიერაში მეორე გრანდ სლემურ მედალს დასჯერდა სოფიო სომხიშვილი, რომელიც აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებით სოფიო სომხიშვილმა 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის 37-ე პოზიციიდან მე-19 ადგილზე გადაინაცვლა. სოფიოს ანგარიშზე 1691 სარეიტინგო ქულაა.