IJF-მ რეიტინგი განაახლა - სულამანიძე პირველია, ბექაური და ზაალიშვილი დაწინაურდნენ
თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ) მსოფლიო რეიტინგი განაახლა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).
73 კგ |
თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ლაშა შავდათუაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და პირველი ადგილი გაიმყარა. ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის ანგარიშზე 6685 სარეიტინგო ქულაა.
90 კგ |
თბილისის გრანდ სლემზე, -90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, სადაც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური, მოქმედ ევროპის ჩემპიონს - ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა.
საბოლოოდ ოქროს მედალი ლაშა ბექაურს დარჩა, ხოლო ვერცხლი მედალი კი ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.
მოპოვებული ოქროს მედლით, ლაშა ბექაურს მსოფლიო რეიტინგში 1000 ქულა მოემატა და მე-11 პოზიციიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა მის ანგარიშზე 4060 სარეიტინგო ქულაა.
რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ლუკამ 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მე-4 პოზიციას 5500 ქულით იკავებს.
100 კგ |
100 კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული - ილია სულამანიძე გახდა და 21 წლის ასაკში მას თბილისის გრანდ სლემზე უკვე 2 მედალი აქვს მოპოვებული (2021 წელი - ვერცხლი).
ამ გამარჯვებით სულამანიძემ 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 100 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი კიდევ ერთხელ გახდა.
სულამანიძის ანგარიშზე 6346 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ, ნიდერლანდელ - კორელს 603 სარეიტინგო ქულით უსწრებს.
100 კგ წონითი კატეგორიის რეიტინგის TOP 5
+100 კგ |
სიმბოლურია, რომ 2023 წლის თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რომელიც გელა ზაალიშვილმა ააჟღერა.
გელა ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემი კარიერაში ზედიზედ მესამედ მოიგო.
ამ გამარჯვებით გელამ 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 4 პოზიციით დაწინაურდა. ზაალიშვილის ანგარიშზე 3472 ქულაა.
+100 კგ წონითი კატეგორიის რეიტინგის TOP 5