იბერია 1999 კონფერენს ლიგაზე გამოსვლას მეორე ეტაპიდან დაიწყებს
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული, "იბერია 1999" უეფას ევროპის კონფერენს ლიგაზე გამოსვლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.
აღნიშნული ფაქტი იმის დამსახურებაა, რომ ტურნირის 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებული პირეოსის "ოლიმპიაკოსი" გახდა, რომელმაც ფინალში იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ "ფიორენტინას" აჯობა. ბერძნების გამარჯვების გამო, ქართული გუნდი და მალტური "სლიემა" ახალი სეზონის გათამაშებას მეორე ეტაპიდან დაიწყებენ. ქართული გუნდი ტურნირზე განუთესავი იქნება.
"იბერია 1999" ეროვნული ლიგის 17 ტურის შემდეგ დაგროვებული 32 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ახალი სეზონის გათამაშებაში საქართველოს "იბერია 1999-ს" გარდა, ქუთაისის "ტორპედო" და "დინამო თბილისი" წარმოადგენენ, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი "დინამო ბათუმი" გახლავთ.