Belive

ჰარტზე, ჯეკოსა და სხვებზე წინ - ქინქლაძე სიტის საუკეთესო ტრანსფერებში მოხვდა

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერანი შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" მიერ ისტორიაში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერების სიაში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი ამ ჩამონათვალში პოპულარულმა საფეხბურთო მედია საშუალება fourfourtwo-მ შეიყვანა და მას 23-ე ადგილი არგუნა.

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ისეთ ვარსკვლავებს უსწრებს, როგორებიც ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე, ჯო ჰარტი, ბოსნიელი თავდამსხმელი, ედინ ჯეკო, გუნდის ერთ-ერთი ამჟამინდელი ლიდერი, ჯეკ გრილიში, არგენტინელი მცველი პაბლო საბალეტა და სხვები არიან.

"ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ქინქლაძემ "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები თავისი კაშკაშა დრიბლინგისა და სანახაობრივი გოლების გატანის უნარით გაახარა.

1995 წლის ზაფხულში თბილისის დინამოდან ჩამოყვანილი ქინქლაძე 1996 და 1997 წლებში სიტის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან BBC-ის თვის გოლის გამოკითხვა ორჯერ მოიგო - განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მისი თავბრუდამხვევი შესრულება აღმოჩნდა "საუთჰემპტონის" კარში", - წერს fourfourtwo-ი.

გიორგი ქინქლაძემ მანჩესტერულ გრანდში 114 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები