Belive

გვჯერა | "საკუთარი პასუხისმგებლობა გულშემატკივარმაც უნდა გაიაზროს და ნაკრებს გვერდით დაუდგეს" - ვლადიმერ ბურდული

1 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალამდე belive-ის გუნდი ბევრ საინტერესო სიახლეს წარმოგიდგენთ, მათ შორის ქართველი ვეტერანი ფეხბურთელების ინტერვიუების სერიას.

საქართველოს ნაკრები 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", ლუქსემბურგს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, 26 მარტსაც მასპინძლის სტატუსით შეხვდება. ფინალში, ჩვენი მეტოქე საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებული იქნება.

ამჯერად, ჩვენი სტუმარი საქართველოს ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი და ამჟამად ტყიბულის „მეშახტეს“ მთავარი მწვრთნელი, ვლადიმერ ბურდული გახლავთ.

როგორი მოლოდინებით ხვდებით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს და საერთოდ, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ქვეყანაში სწორი განწყობების და გარემოს შექმნა?

რაც უფრო მეტად ახლოვდება საქართველოს ნაკრების მატჩი ლუქსემბურგთან, ცხადია მღელვარება უფრო მეტად იმატებს. სულმოუთქმელად ველით ამ მატჩს, თუმცა, ახლა ემოციებზე მეტად, რაციონალური მიდგომის დროა.

ახლა არ არის იმის დრო, რომ ფეხბურთელებს და მთლიანად, საქართველოს ნაკრების შიდა სამზარეულოში ჩართულ ყველა ადამიანს დამატებითი წნეხი და პასუხისმგებლობა ავკიდოთ. მე პირადად, ვიცნობ ბიჭებს და ვიცი, რომ ისინი თავადაც იდეალურად იაზრებენ თუ რამხელა გამოწვევის წინაშე დგანან, როგორი ისტორიული შანსი აქვთ და დამატებითი წნეხის გარეშე შეძლებენ, რომ საქმეს პროფესიონალურად მიუდგნენ.

ახლა მთავარია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, ნახევარფინალამდე დარჩენილი დღეები და შემდეგ, დიდი იმედი გვაქვს, ფინალის წინა სამზადისიც, მაქსიმალურად მშვიდად, ცივი გონებითა და ერთიანობით გავიაროთ. ბიჭებს, მთლიანად საქართველოს ნაკრებს უანგარო სითბო და გვერდით დგომა უნდა ვაჩვენოთ. მჯერა, ერთად ყველაფერი გამოგვივა.

უკვე ვიცით საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და შეკრებაც დაიწყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად ოპტიმალური კონდიციებით ვხვდებით ლუქსემბურგთან მატჩს?

საქართველოს ნაკრებში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი შემადგენლობის შერჩევასთან თუ უშუალოდ მოედანზე მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, არის მთავარი მწვრთნელი, ამ შემთხვევაში, ვილი სანიოლი. ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა და კვალიფიკაცია. შესაბამისად, ის თუ როგორ შემადგენლობას შეარჩევს, ვისზე შეაჩერებს არჩევანს, ვის გამოიძახებს და ვის არა, ეს თავისი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი სუბიექტური მიდგომა ზოგადად ფეხბურთთან, ფეხბურთელებთან, სიმპატიები და ანტიპატიები, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები არის მთავარი მწვრთნელი და იმ შემადგენლობას, რომელიც მან მარტის შეკრებისთვის გამოიძახა, უნდა ვენდოთ.

რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ლიდერია და მისი როლი ნაკრებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუმცა, მოცემულობა არის ის, რომ კვარა ნახევარფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს ბიჭებისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს, მე მჯერა მათი პროფესიონალიზმის და მიმაჩნია, რომ ისინი ამ მომენტის გადასალახად ფსიქოლოგიურად მზად არიან.

Image 3

მახარებს ის ფაქტიც, რომ სხვა ფეხბურთელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, როგორც ფიზიკურად, ისე სათამაშო თვალსაზრისით. გოლები გააქვთ, საგოლე პასებს აკეთებენ, მენტალურად მზად არიან და მჯერა, რომ ყველას ერთიანობით, ემოციების დაბალანსებით, რაციონალური მიდგომით და სწორი მომზადებით, დაწყებულ საქმეს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

ყველა ბილეთი გაყიდულია და გადავსებულ „დინამო არენას“ ველოდებით, მაგრამ გარდა ტრიბუნების გავსებისა, რა როლი ეკისრება ამ მატჩში გულშემატკივარს თქვენი აზრით?

ქომაგის როლი ამ მატჩებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება. ერთია, უბრალოდ სტადიონზე მისვლა და მეორე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. ის, რომ ნაკრებს 90 წუთის განმავლობაში და მთლიანად იქამდე, სადამდეც მატჩი გაგრძელდება, გვერდით უნდა დავუდგეთ, ყველაფერი გვერდით გადავდოთ, ყველანი გავერთიანდეთ და საქართველოს ნაკრებს მე-12 ფეხბურთელის როლში გავუმაგროთ ზურგი.

მახსოვს, საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს, ბევრგან გვითამაშია, მაგრამ განსაკუთრებული ემოციებით ბრიტანეთიდან ვბრუნდებოდით. განსაკუთრებულად, შოტლანდიის და ირლანდიის ნაკრებების გულშემატკივრები მხიბლავდნენ, როცა ტრიბუნებზე გასაოცარ გარემოს ქმნიდნენ. მჯერა, რომ იგივეს გაკეთება ჩვენც შეგვიძლია.

„ქართული სპორტის ქომაგები“ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ და მინდა, რომ ჰიმნი, მათი შეძახილები, სიმღერები ყველამ ავიტაცოთ და მთელმა სტადიონმა ერთად გავამხნევოთ ჩვენი ნაკრები, შემდეგ კი 26 რიცხვში, ყველამ ერთად ვიზეიმოთ უდიდესი გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოვიპოვოთ.

სხვა სტატიები