Belive

გვჯერა | „მეტოქის დაფასება და მაქსიმალური კონცენტრაცია, აი ეს გვჭირდება“ - გიორგი ნემსაძე

1 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

საქართველოს ნაკრები ისტორიულ წარმატებასთან ძალიან ახლოსაა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი ჯერ 21 მარტს, „დინამო არენაზე“, ლუქსემბურგის ნაკრებს დაამარცხებს, ხოლო 26-ში კვლავ საშინაო კედლებში საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს აჯობებს, ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს.

მოახლოებული მატჩის წინ, belive-ის გუნდი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების მოსაზრებებს გაგაცნობთ. ამჯერად, ჩვენი რუბრიკის სტუმარი საქართველოს ნაკრების ვეტერანი კაპიტანი და ნახევარმცველი, გიორგი ნემსაძე იქნება.

როგორი განწყობითა და მოლოდინებით ხვდებით მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს მატჩს?

რა თქმა უნდა, განწყობა მხოლოდ და მხოლოდ ამაღლებული გვაქვს და გამარჯვებისთვის ვემზადებით. გვჯერა ჩვენი ბიჭების და იმის, რომ ჯერ ლუქსემბურგის ბარიერს გადავლახავთ, ხოლო შემდეგ ფინალურ მატჩშიც წარმატებას მივაღწევთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

როგორი ნაკრებია ლუქსემბურგი და როგორ თამაშს ელოდებით?

არავინ უნდა მოტყუვდეს მხოლოდ სახელით. ერთია, რას წარმოადგენდა ნაკრები ადრე და მეორეა როგორ გამოიყურება გუნდი დღეს. მიმაჩნია, რომ ლუქსემბურგის ნაკრებმა საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა და ის, რომ დღეს აქამდე, ამ ეტაპამდე მოვიდა, ესეც სწორედ ამაზე მეტყველებს.

საკმაოდ კარგი, ნატურალიზებული ფეხბურთელები და ლეგიონერები ჰყავთ. ფეხბურთელები, რომლებიც კარგ გუნდებში თამაშობენ და მათი დამსახურებით, ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა 17 ქულა დააგროვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეტოქე უნდა დავაფასოთ.

მეტოქის დაუფასებლობა, ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. ვისაც არ უნდა ეთამაშებოდე, სულ რომ პატარა ბავშვებთან გქონდეს თამაში მეტოქეს ყოველთვის სერიოზულად უნდა მოეკიდო და მატჩში მაქსიმალური კონცენტრაცია ჩადო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო გუნდი და ფეხბურთელები ამას კარგად აანალიზებენ.

საქართველო 4:0 კვიპროსი

როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა სიახლე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში?

კარგია, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ჩემპიონატის ბევრ მატჩს ესწრება და ფეხბურთელებს აკვირდება. ცხადია, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს თავისი მიზნები აქვს და სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელი მონიშნული უკვე ეყოლება. ვნახოთ, ვის მიეცემა შანსი, ყოველ შემთხვევაში, შემადგენლობაში სიახლეები არ გამიკვირდება.

გუნდის მზადყოფნაზეც გვითხარით. თქვენი აზრით, როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები და როგორი მოლოდინი გაქვთ შეკრების დაწყების წინ?

ორი აზრი არ არსებობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ნაკრების ლიდერია, ეს საკამათო არ არის. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ მისი არ ყოფნა ამ კონკრეტულ მატჩში დანაკლისი არ არის.

უბრალოდ, გუნდმა და უპირველესყოვლისა ფეხბურთელებმა, ფსიქოლოგიურად უნდა გადახარშონ ეს ფაქტი და ამ მოცემულობასთან ადაპტირება შეძლონ. ჯერ ერთი, საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კვარა ლუქსემბურგთან მატჩს გამოტოვებდა და ნაკრებმა მოსამზადებლად საკმარისი დრო მიიღო. ამავე დროს, ძალიან კარგ ფორმაში შედიან სხვა ფეხბურთელებიც. ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე და სხვები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და მჯერა, რომ ლუქსემბურგთან მატჩში წარმატების მიღწევას შევძლებთ. მთლიანობაში კი, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ.

სხვა სტატიები