Belive

გვჯერა | "ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველას ოცნებაა" - ლუქსემბურგელი ჟურნალისტი

1 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩი უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.

შეხვედრა ფინალისტს გაარკვევს, რომელიც 26 რიცხვში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება და ევრო 2024-ის საგზურისთვის იბრძოლებს.

აღნიშნული მატჩის წინ, ლუქსემბურგული მედიის მოსაზრებით დავინტერესდით და ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ, კრისტოფერ ნადინს ვესაუბრეთ, რომელმაც საკუთარი შეხედულებები გაგვიზიარა.

ლუქსემბურგში ფეხბურთი როგორც სანაკრებო დონეზე, ისე ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდების შედეგების კუთხით განვითარდა. რა არის ამის მიზეზი და როგორ მოვიდა აქამდე ლუქსემბურგი?

ამის მიზეზი 21-ე საუკუნის დასაწყისში, მონდერკანჟში ახალი საფეხბურთო ცენტრის ჩამოყალიბებაა. ამ სტრუქტურამ საშუალება მისცა ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოეჩინათ. რასაც მათი მეზობელი ქვეყნების კარგ საფეხბურთო აკადემიებში მოხვედრა მოჰყვა და აქედან მათი პროგრესი დაიწყო. გერმანიაში, "მაინცის", ხოლო საფრანგეთში "მეცის" აკადემიებში, ბევრი ლუქსემბურგელი ფეხბურთელი აღიზარდა. შემდეგ მათ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმეს და დიდ გუნდებში მოხვდნენ.

ვფიქრობ, ჩვენი ნაკრების პროგრესი და ასევე, დიდ ტურნირზე მოხვედრა უმეტესწილად, სწორედ ევროპის კარგ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

განსხვავება დიდია სანაკრებო ფეხბურთსა და შიდა ჩემპიონატს შორის. ლუქსემბურგის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "დუდელანჟია", რომელშიც თავის დროზე, სპონსორმა დიდი რესურსი დააბანდა: მოიყვანა კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები, მაგალითად დინო ტოპმიოლერი. მათ კარგი გუნდი შეკრეს და ევროპა ლიგაზე ითამაშეს.

რაც შეეხება სანაკრებო მიმართულებას, აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სწორი სელექციაა. ლუქსემბურგის მოსახლეობის 25% პორტუგალიელია და შესაბამისად ბევრია ისეთი ფეხბურთელი, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მათ შეუძლიათ თავად აირჩიონ, თუ რომელი ქვეყნის ნაკრებისთვის სურთ თამაში. ამ მხრივ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაცია, ცდილობს, რომ ასეთ ფეხბურთელებთან მოილაპარაკონ. პორტუგალიის ნაკრებში არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ლუქსემბურგს ბევრი ფეხბურთელი ირჩევს.

ვულოცავ ლუკ ჰოლცს, რომელმაც შეძლო და კარგი ფეხბურთელებისგან ძლიერი ბირთვი ჩამოაყალიბა.

საქართველოს ნაკრებზე რას გვეტყვით. რამდენად იცნობთ ჩვენს ნაკრებს და რა ინფორმაციას ფლობთ?

ამჟამად, საქართველოს ნაკრების შესახებ შედარებით მწირი ინფორმაცია მაქვს. თუმცა, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეს ორი ნაკრები ერთმანეთთან რეიტინგში საკმაოდ ახლოსაა. ამავე დროს, საქართველოს უფრო დიდი რესურსი აქვს და უპირატესობას საშინაო კედლებიც ანიჭებს.

რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია თქვენი გუნდის მთავარი ვარსკვლავია და კარგია, რომ ის ლუქსემბურგთან მატჩს გამოტოვებს. მაგრამ, ასევე, ლუქსემბურგის ნაკრებსაც აქვს დანაკლისი. ვინსენტ ტილის, მარვინ მარტინსის და დირკ კლარკსონის ტრავმები, რაც კატასტროფული ამბავია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს გაცილებით დიდი არჩევანის თავისუფლება აქვს.

რა იცით "დინამო არენას" ატმოსფეროზე და საშინაო კედლების უპირატესობაზე რას ფიქრობთ?

მართალია, ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელები როგორც ფიზიკურად და სპორტული თვალსაზრისით, ისე მენტალურად მზად იქნებიან, მაგრამ უპირატესობა ამ მხრივ საქართველოს ექნება.

გულშემატკივარი მე-12 მოთამაშის როლს შეასრულებს და ეს საქართველოს ნაკრებისთვის დიდი უპირატესობაა. მიუხედავად ამისა, ლუქსემბურგის ნაკრებმა ასეთ ატმოსფეროსა და გარემოში თამაშის გამოცდილება უკვე მიიღო.

იცით თუ არა რას ნიშნავს ეს მატჩი საქართველოსთვის?

აქ ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველოც იგივენაირად მობილიზებულია, როგორც ლუქსემბურგი. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და ყველა პატარა ნაკრების ოცნებას წარმოადგენს.

უშუალოდ მოედანსაც შევეხოთ, როგორ თამაშს ელოდებით?

მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრები მატჩს აქტიური შეტევებით და პირველ ნომრად თამაშის მცდელობით დაიწყებს. ჩვენ კონტრშეტევების დროს საკუთარი შანსების გამოყენებასა და გოლის გატანაზე უნდა ვიფიქროთ.

ლუქსემბურგის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ჟერსონ როდრიგეში საქართველოს ნაკრების კაპიტნების, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას თანაგუნდელია ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ "სლოვანში". რამდენად ანიჭებთ მისი ცნობა ქართველ ფეხბურთელებს უპირატესობას?

ჟერსონ როდრიგეში არაპროგნოზირებადი მოთამაშეა. მაშინაც კი, თუ მას კარგად იცნობ, არასოდეს იცი რას უნდა ელოდო.

იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი "მონცას" თავდამსხმელმა, დანი მოტამ მიუხედავად შემოთავაზებისა, ლუქსემბურგის ნაკრებში თამაში არ ისურვა. არის თუ არა ეს დანაკლისი?

დანი მოტა პირველი ფეხბურთელი არ არის, რომელმაც ლუქსემბურგის ნაკრებში თამაში არ აირჩია. სირცხვილია, მაგრამ მის გარეშე მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. გასულ წლებში ნაჩვენები კარგი შედეგები დანი მოტას გარეშე მივიღეთ, ამიტომ ამაზე ფიქრი არ ღირს.

2023 წელს ლუქსემბურგის ნაკრები პორტუგალიასთან დიდი ანგარიშით - 0:9 დამარცხდა. რამდენად არის ეს წაგება მენტალურად გადახარშული და დავიწყებული?

პორტუგალიასთან დამარცხება დიდი ხანია დავიწყებულია. ლუქსემბურგი თავის ისტორიაში ყოველთვის განიცდიდა კატასტროფულ წაგებებს და ყოველთვის ფეხზე წამოდგომას ახერხებს. ეს არის ის, რაც ხდება, როცა პატარა ქვეყანა ხარ.

და ინტერვიუს ფინალისკენ რომ გადავინაცვლოთ, ისიც გვითხარით როგორ უყურებთ ლუქსემბურგული ფეხბურთის მომავალს ორივე შედეგის შემთხვევაში?

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ან არ გასვლა ვერ შეცვლის ლუქსემბურგული ფეხბურთის განვითარების კურსს. თუ ეს მოხდება, მაშინ ამას როგორც კარგ დამატებით წინაპირობას ისე გამოიყენებენ, მაგრამ თუ ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვერ მოვიპოვებთ, ამით არაფერს დავკარგავთ. უახლოეს წლებში, ლუქსემბურგი ძალიან კარგი საფეხბურთო ქვეყანა გახდება.

სხვა სტატიები