Belive

გვჯერა | "ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქართული ფეხბურთისთვის ახალ ინერციას გააჩენს" - მურთაზ შელია

9 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა 21 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება და მასში ჩვენი გუნდი ლუქსემბურგს შეხვდება. აქ გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების მეტოქე საბერძნეთის და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება, რომელსაც ფინალში, თბილისში, 26 მარტს უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის წინ, belive-ის გუნდი სხვადასხვა რუბრიკასთან ერთად, საქართველოს ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებთან ინტერვიუების სერიას შემოგთავაზებთ. ამჯერად, ჩვენი სტუმარი საქართველოს ნაკრების ვეტერანი ცენტრალური მცველი, მურთაზ შელია იქნება.

როგორი განწყობა და მოლოდინები გაქვთ მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით?

მაქსიმალურად კარგი განწყობით ვხვდებით აღნიშნულ მატჩს და ვცდილობთ, რომ გამარჯვების გარდა სხვა არაფერზე ვიფიქროთ. ეს გამარჯვება სჭირდება საქართველოს ნაკრებს, ქართულ ფეხბურთს და მთელს საქართველოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მატჩისთვის, საქართველოს ნაკრები მენტალურად მაქსიმალურად კარგად მომზადებული და მობილიზებული იყოს.

საშინაო კედლებში ვთამაშობთ. რა მნიშვნელობის მატარებელია თქვენი აზრით მასპინძლის ფაქტორი და რამდენად მომზადებული ხვდება ჩვენი გუნდი ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს მასპინძლის უპირატესობა. საშინაო კედლებში ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ამ მატჩში არ გვეყოლება ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები მშვენიერი სათამაშო ფორმით. ვუყურებ მატჩებს და მიხარია, რომ კარგი ფიზიკური და სათამაშო ფორმა აქვთ გიორგი მიქაუტაძეს, ზურიკო დავითაშვილს, ბუდუ ზივზივაძეს, გიორგი ჩაკვეტაძესა და სხვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში კვარა არ ითამაშებს, გუნდს ამის გასაცნობიერებლად უკვე რამდენიმე თვე ჰქონდა და ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ ნახევარფინალში მის გარეშეც მოიგონ, შემდეგ კი იქნება ფინალი და იქ უკვე ხვიჩასთან ერთად წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება გამოაკლდეს ნაკრებს, ამისგან დაზღვეული არავინაა და გარანტია, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ან რომელიმე სხვა ფეხბურთელი აუცილებლად სათამაშოდ მზად იქნებოდა, არასდროს არსებობს. ბიჭებმა ეს მატჩი უნდა მოიგონ და შემდეგ, კვარასთან ერთად ფინალს შევუტიოთ.

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

ეს ის მატჩია, სადაც ყველა ფეხბურთელმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გაიღოს. პირადად მე, თვენახევრის განმავლობაში ნათამაშები არ მქონდა, მაგრამ იტალიასთან მატჩისას, დავით ყიფიანმა ეროვნულ ნაკრებში გამომიძახა. არც ველოდი, რომ ვითამაშებდი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამაყენა, 0:0 ვითამაშეთ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. ასე რომ, ერთი მატჩისთვის ყველაფრის გაღება შესაძლებელია და იმედია, წარმატებას მივაღწევთ.

მეტოქეზე რას გვეტყვით?

ლუქსემბურგის ნაკრები ისტორიაში სუსტი გუნდი იყო, მაგრამ ამჟამად უკვე საკმაოდ კარგი ძალაა. ჰყავთ ნატურალიზებული ფეხბურთელები, ასევე გასულ წლებში გაიარეს განვითარების რამდენიმე ეტაპი და აქამდე მოვიდნენ. ამჟამად, ისინი ნახევარფინალში ჩვენი მეტოქეები არიან და ეს ფაქტი უკვე დაფასებას იმსახურებს. მეტოქე აუცილებლად უნდა დავაფასოთ.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, როგორც ფაქტი, ისტორიული და უმნიშვნელოვანესი ამბავია, მაგრამ სამომავლოდ რა წარმატების მოტანა შეუძლია ქართული ფეხბურთისთვის?

ფაქტია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ასეთმა კარგმა თამაშმა ძალიან ბევრ ბავშვს დააწყებინა ფეხბურთზე სიარული. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, გარდა იმისა, რომ ნატვრის ასრულება იქნება და ოცნებას ავიხდენთ, ინერციას გააჩენს, რაც ახალ თაობას დამატებით სტიმულს და მოტივაციას გაუჩენს.

საქართველო 4:0 კვიპროსი

სხვა სტატიები