გურამ კაშია: "პატარა ქალაქის პატარა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება მივიღეთ"
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბრატისლავის "სლოვანის" მიერ უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაზე, ისტორიაში სადებიუტო გამოსვლის შესახებ სლოვაკურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ ეს გუნდისთვის ძალიან დიდი გამოცდილება გახლდათ.
"ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა ამ გუნდისა და მისი გულშემატკივრებისათვის კარგი გამოცდილება გამოდგა. ჩვენ პატარა ქალაქის პატარა გუნდი ვართ, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში რაღაც განსაკუთრებულია და მე ამით ძალიან ამაყი ვარ. მიუხედავად შედეგისა, კარგი გამოცდილება გამოდგა: ჩვენ აქ უცბად აღმოვჩნდით და ამ ტურნირის დონისთვის ჯერ მზად არ ვართ", - ამბობს "სლოვანის" ვიცე-კაპიტანი.
ბრატისლავის "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ისეთი გუნდების პირისპირ თამაშის გამოცდილება მიიღო, როგორებიც გლაზგოს "სელტიკი", "მანჩესტერ სიტი", "ჟირონა", ზაგრების "დინამო", "მილანი", მადრიდის "ატლეტიკო", "შტუტგარტი" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან. გუნდმა სატურნირო ცხრილში 35-ე პოზიცია დაიკავა და "იანგ ბოიზს" ბურთების უკეთესი შეფარდებით გაუსწრო.
გურამ კაშიამ ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის რვავე შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, აქედან შვიდში შეუცვლელად და სამჯერ გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა.