Belive

"გჯეროდეთ, იშრომეთ და ყველაფერს შეძლებთ" - გიორგი ქოჩორაშვილი

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლისაბონის სპორტინგმა 26 წლის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ოფიციალურად წარადგინა.

პორტუგალიური კლუბის სოციალურ არხებზე ორიგინალური ვიდეო გავრცელდა, ოფიციალურ ვებგვერდზე კი ვრცელი სტატია გამოქვეყნდა - სადაც ქოჩორაშვილმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და მომავალ თაობას მოუწოდა, რომ წარმატებისთვის თავდაუზოგავად იშრომონ.

კაპიტან ამერიკას საოცარი ისტორია აქვს - თავიდან უთხრეს, რომ ის იყო სუსტი და არ იყო მზად, შემდეგ კი გარდაქმნეს და მან მსოფლიო იხსნა. ის ხალხს ეხმარებოდა. როდესაც გატანილ გოლს ასე აღვნიშნავ, ეს ეძღვნება იმ ბავშვებს, რომელთაც ეუბნებიან, რომ გამოწვევებთან გასამკლავებლად მზად არ არიან. ამით ვეუბნები, რომ თუ მე შევძელი, თუ კაპიტანმა ამერიკამ შეძლო, შენც შეგიძლია ამის გაკეთება. უნდა გჯეროდეს, თავდაუზოგავად უნდა იშრომო და დისციპლინა გქონდეს.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ბავშვის ოცნებაა. როდესაც პატარა ვიყავი ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ამ ტურნირზე მეთამაშა. ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურების უფლებას არ მაძლევდნენ, რადგან გვიანი იყო და უნდა დამეძინა. ახლა ჩემს ოცნებას ვიხდენ. მინდა ყველაფერი გავაკეთო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, რადგან გუნდური მუშაობა უმნიშვნელოვანესია. ვიცი, რომ შემიძლია სასარგებლო ვიყო, როგორც მოედანზე - ასევე მის მიღმა.

-
აქ იდეალური დახვედრა მომიწყვეს - შემხვდნენ ისე, თითქოს მათი ძმა, ან შვილი ვიყო. როდესაც ახალ სახლში შედიხარ თავს უხერხულად გრძნობ, მაგრამ სულ რაღაც 2 დღეში თავი ისე მაგრძნობინეს, თითქოს ერთ-ერთი მათგანი ვიყო.

კონტრაქტზე ხელის მოწერამდეც ვიცოდი, რომ სპორტინგი დიდი კლუბია, რომელსაც უამრავი ფანი ჰყავს. მინდა მოედანზე გავიდე და წარმატება ფანებთან ერთად აღვნიშნო.

რა თქმა უნდა, სირთულეებიც იქნება, მაგრამ ერთად ყოფნით ყველაფერს გადავლახავთ. თავდაუზოგავად ვიშრომებ, რათა ყველას დავუმტკიცო, რომ ამ კლუბის მაისურის ტარების ღირსი ვარ.
- გიორგი ქოჩორაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგს ლევანტედან 7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულია, რომ ესპანური კლუბი მომავალი ტრანსფერების 15%-იან წილს მიიღებს.

პორტუგალიური კლუბი 2025/26 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, გიორგი ქოჩორაშვილი კი გუნდს უკვე შეუერთდა და სავარჯიშო პროცესშიც ჩაერთო.

სხვა სტატიები