Belive

გიორგი ქოჩორაშვილი: "ლევანტეში მშვენიერი გარემოა, ყველა ერთმანეთს ვეხმარებით"

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში, "კარტახენასთან" შეხვედრაში გოლის გატანას, 3:0 გამარჯვებას და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადასვლას ესპანურ მედიასთან საუბარში აფასებს.

"ძალიან მომწონს ის, რომ გუნდში მშვენიერი გარემოა. მე ვამბობ, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ნაკლებ სათამაშო დროს იღებენ და უმეტესად სათადარიგოთა სკამზე იმყოფებიან, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. მოთამაშეები, რომლებიც ვარჯიშზე განსაკუთრებულად იხარჯებიან. ეს არის გუნდური სულისკვეთება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

მოედანზე ვართ ფეხბურთელები, რომლებიც ერთმანეთს მწვრთნელისგან მიღებული დავალებების შესრულებაში ვეხმარებით, ხოლო მოედნის მიღმა მეგობრები.

ეს ძალიან დაძაბული და რთული სეზონია, რომელშიც გუნდს ეკონომიკური ვითარება ზურგს ნამდვილად არ უმაგრებს, არიან ადამიანები, რომლებიც ამის გამო სამუშაოს კარგავენ. ჩვენ შეგვიძლია ამ მდგომარეობის შეცვლაზე ვიზრუნოთ. გასახდელში ვიკრიბებით, ცოტას ვსაუბრობთ და ვაცნობიერებთ, რომ ყველაფერი ჩვენ გამო ხდება, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, გავუმჯობესდეთ და გავაუმჯობესოთ გუნდი, რათა "ლევანტე" ისევ გაძლიერდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის", - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის ამ სეზონში 6 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა, მისი გუნდი ჩემპიონატში მეორე პოზიციას იკავებს, რასაც თუ დარჩენილ დროში შეინარჩუნებს, ლა ლიგაში აღზევდება.

სხვა სტატიები