გიორგი მოისწრაფიშვილი: "მიჩნდება განცდა, რომ სწორ გზაზე ვარ და ყოველდღიური შრომა შედეგს იძლევა"
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გუნდის შემადგენლობა სადებიუტოდ დაასახელა. განახლებულ გუნდში 3 ახალწვეული გვყავს: ნოდარ ყალიჩავა, გიორგი მაისურაძე და გიორგი მოისწრაფიშვილი. სამივე ფეხბურთელს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკერებში რამაზ სვანაძესთან ერთად აქვს ნამუშევარი, მათ შორის ყველაზე დიდხანს კი გიორგი მოისწრაფიშვილს, რომელიც 2023 წელს, საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი გახლდათ.
გიორგი მოისწრაფიშვილი ამჟამად სლოვაკეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში, სპარტაკ ტრნავაში თამაშობს და ჩემპიონატის გამორჩეული ნახევარმცველია. ქართველ ფეხბურთელს სლოვაკეთში დავუკავშირდით და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში გამოძახებასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.
გილოცავ საქართველოს ნაკრებში გამოძახებას, არის თუ არა ეს ის ოცნება, რომელიც ფეხბურთელის კარიერის დასაწყისში გქონდა და ერთ-ერთი უმთავრესი კარიერული მიზანი? რას გრძნობ, რას ფიქრობ საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ?
დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული ემოციაა, როდესაც საკუთარი ქვეყნის ნაკრებში გამოძახებას იღებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი რეალობად იქცა. ახლა მთავარია, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჩემი შრომითა და თამაშით გავამართლო ის ნდობა, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეს.
არის თუ არა დამატებითი მოტივაცია, გარკვეულწილად შრომის დაფასების განცდა და შეგრძნება, რომ შენს საქმეს სწორად აკეთებ და გემატება სურვილი, რომ შრომა და მიზნებისაკენ სწრაფვა გააგრძელო?
რა თქმა უნდა. ვფიქრობ, თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მის შრომას აფასებენ. ეს გამოძახება ჩემთვის იმის განცდაც არის, რომ სწორ გზაზე ვარ და ყოველდღიური შრომა შედეგს იძლევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიღწეულით უნდა დავკმაყოფილდე. პირიქით, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ გავაგრძელო განვითარება, ვიმუშაო საკუთარ თავზე და უფრო დიდი მიზნებისკენ ვისწრაფო.

სლოვაკეთის ჩემპიონატში თავს აშკარად კომფორტულად გრძნობ, ტრნავასაც კარგი სეზონი აქვს და ჩემპიონატში მოთამაშე 12 გუნდიდან 7-ში ქართველი ფეხბურთელი ირიცხება. როგორც ჩანს სლოვაკეთში ქართველი ფეხბურთელებისთვის ადაპტირება მარტივია. თავად როგორ ფიქრობ და თვლი თუ არა, რომ კარიერის საუკეთესო ეტაპზე ხარ?
ვფიქრობ, სლოვაკეთის ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ კარგი გარემოა განვითარებისთვის. აქ ადაპტირება შედარებით მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდში ან ჩემპიონატში სხვა ქართველი ფეხბურთელებიც არიან. პირადად მე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რაც მოედანზეც დადებითად აისახება. რაც შეეხება კარიერის საუკეთესო ეტაპს, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი. ახლა ჩემი მიზანია, ყოველდღიურად განვვითარდე, სტაბილურად ვითამაშო და კარიერულად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდე.
რამაზ სვანაძესთან ერთად საქართველოს ასაკობრივ, ახალგაზრდულ ნაკრებებში, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება გაქვს. რამდენად კომფორტულია შენთვის მასთან მუშაობა და როგორ ფიქრობ, რამდენად სწორი არჩევანია ის ვილი სანიოლის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად?
რამაზ სვანაძეს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან მასთან არაერთ ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებში მიმუშავია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ახლა უკვე ეროვნულ ნაკრებში გვაქვს ერთად მუშაობის შესაძლებლობა.
ვფიქრობ, მას კარგად ესმის ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობები და ჩვენი მენტალიტეტი.
მიმაჩნია, რომ ნაკრებში მისი დანიშვნა კარგი არჩევანია. მას აქვს შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა, რათა გუნდს განვითარებაში დაეხმაროს.
ვილი სანიოლმაც ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფეხბურთში და ვფიქრობ, მთავარია, პროგრესი გაგრძელდეს.
ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელი დაგხვდება, რომელთანაც ახალგაზრდულ და პროფესიონალურ დონეზე როგორც გუნდში, ისე ნაკრებში თამაშის გამოცდილება გაქვს. ალბათ ეს გუნდთან ადაპტაციას გაგიმარტივებს...
დიახ, რა თქმა უნდა. ბევრი ფეხბურთელი უკვე წლებია, რაც ერთად მოვდივართ. ერთმანეთის შესაძლებლობები, სათამაშო სტილი და ხასიათი კარგად ვიცით. ეს ნამდვილად გამიმარტივებს ადაპტაციას და გუნდურ ურთიერთობას.
ვფიქრობ, როდესაც მოედანზე ისეთი ფეხბურთელები გყავს გვერდით, რომლებსაც კარგად იცნობ, უფრო თავდაჯერებული ხარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად უნდა იყოს მზად და საკუთარი წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებაში.

უახლოეს მატჩებში ერთა ლიგაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება. რთული დასაწყისი გვქონდა, მაგრამ შენი აზრით როგორი შანსი გვაქვს, რომ მინიმუმ B დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ და უფრო მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლოთ?
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს იმის რესურსი და პოტენციალი, რომ წარმატებას მიაღწიოს. ვიცით, რომ რთული მატჩები გველოდება და მარტივი არაფერია, თუმცა მჯერა ჩვენი გუნდის, ფეხბურთელების შესაძლებლობებისა და იმ ხარისხის, რომელიც ნაკრებშია. მთავარია, თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშოთ, გუნდურად ვიმოქმედოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.
ჩვენი მიზანი მხოლოდ B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება არ უნდა იყოს. ვფიქრობ, შეგვიძლია უფრო მაღალი მიზნებისთვისაც ბრძოლა. გულშემატკივრის მხარდაჭერა კი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია.