Belive

გიორგი მერებაშვილი: "საბერძნეთი ხისტი და სწრაფი ნაკრებია, ჩვენი უპირატესობა ვარსკვლავი და საშინაო კედლებია"

1 თვის წინ ქართული სპორტი
7 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს, თბილისში, „დინამო არენაზე“ შეხვდება.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების გამოცდილ ფეხბურთელთან, გიორგი მერებაშვილთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელიც კარიერის 2 წლის განმავლობაში საბერძნეთში (კრეტას „ოფის“, „ვერიას“ და „ლევადიასკოსის“ შემადგენლობაში) თამაშობდა.

37 წლის გარემარბი პარალელურად, სამწვრთნელო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს და პოლონეთის რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ „პოდბესკიჯიეში“ მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებს.

ლუქსემბურგთან მატჩით დავიწყოთ. როგორი შთაბეჭდილება დატოვა შენზე (უკვე მწვრთნელის გადმოსახედიდან რომ შეხედო) საქართველოს ნაკრებმა და 10-ქულიანი სისტემიდან რამდენ ქულას დაუწერ?

რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ. ფავორიტებად მოვიაზრებოდით და ეს სტატუსი გავამართლეთ.

საქართველოში არ ვარ და ბიჭების გვერდით ფიზიკურად ვერ ვიმყოფები, მაგრამ სულით და გულით მათთან ვარ და ვქომაგობ. ამიტომ, თამაშის ყურება ტელევიზორის საშუალებით მიწევს და ასე სწორი ანალიზის გაკეთება ძნელი იქნება, მაგრამ რაც შევნიშნე, საწყისი წუთებიდან დაძაბულობა იგრძნობოდა. ეს ლოგიკურია არსებული წნეხიდან გამომდინარე. ეს ორი მატჩი ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში ჩასატარებელია და მხოლოდ ცივი გონებით ამ ყველაფერთან მიდგომა, ძალიან ძნელი ამოცანაა.

ცხადია, გამოჩნდა სისუსტეებიც. ძირითადად, დროის კონკრეტულ მონაკვეთებში კონცენტრაციის დაკარგვა, თუმცა, მთლიანად შეხვედრაში, პირველი წუთიდან საფინალო სასტვენამდე, ორგანიზებული და დალაგებული ფეხბურთი ვითამაშეთ და ვთვლი, რომ ფინალში დამსახურებულად გავედით.

შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიჭებს კიდევ უფრო კარგად თამაში შეუძლიათ, რაც აქამდე არაერთხელ დაამტკიცეს, ჩვენი გუნდის თამაშს 8 ქულას დავუწერ.

საბერძნეთის და ყაზახეთის ნაკრებების მატჩს თუ უყურე და რა შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა მომავალმა მეტოქემ შენზე?

საბერძნეთის და ყაზახეთის ნაკრების მატჩის პირველ ტაიმს ვუყურე და გამოჩნდა, რომ მათი მთავარი უპირატესობა დიდ სისწრაფეებზე თამაში, დაცვიდან შეტევაში დროულად გადასვლა, უხეში და ხისტი თამაშია. ეს ყველაფერი მათ შედეგში გადაიტანეს და საწყისი წუთებიდანვე, ყაზახეთის ნაკრებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. შესაბამისად, დიდი ანგარიშით მოიგეს და ფინალში, ჩვენი მეტოქეები იქნებიან.

ფინალში, საერთოდ განსხვავებულ თამაშს უნდა ველოდოთ. ფინალის არსიც ისაა, რომ ნებისმიერ გუნდს და ნაკრებს შეუძლია ერთი კონკრეტული მატჩის მაღალ დონეზე თამაში. ვფიქრობ, ხისტ და სწრაფ თამაშს მეტოქის მხრიდან ფინალშიც უნდა ველოდოთ.

საშინაო კედლებში ვთამაშობთ და ალბათ ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი უპირატესობაა?

„დინამო არენაზე“ გულშემატკივარს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ თამაში ნებისმიერ მეტოქეს უჭირს და საშინაო კედლები ჩვენთვის დიდი უპირატესობაა. საბერძნეთს, რომელიც სხვა ნაკრებებისგან გამონაკლისი არ იქნება, თბილისში ძალიან რთული მატჩი ელოდება. სახლის ფაქტორი ბიჭებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და იმედი მაქვს, ამ ყველაფერს გამოვიყენებთ და მატჩს ჩვენთვის სასურველ შედეგამდე მივიყვანთ.

ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიას დონის ვარსკვლავი საბერძნეთს არ ჰყავს და ეს რამდენად დიდი უპირატესობაა ჩვენი ნაკრებისთვის?

ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი საბერძნეთის ნაკრებს ნამდვილად არ ჰყავს. ფინალში, განსაკუთრებული მნიშვნელობა გუნდურ თამაშს ექნება. მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გუნდის მაქსიმალურად კარგ ფორმაში ყოფნა.

კვარას დაბრუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ოღონდ, პარალელურად, მაქსიმალურად გუნდურად და კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ, რათა მეტოქეს ვაჯობოთ.

საბერძნეთის ჩემპიონატში წლების განმავლობაში თამაშობდი და მათ ფეხბურთს კარგად იცნობ. რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ დაბრუნდნენ და ძალიან კარგი ნაკრები ჰყავთ. როგორ შეაფასებ მათ ძალებს ამჟამად?

ამჟამინდელი ნაკრები განსხვავებულია იმ გუნდებისგან, რომელიც საბერძნეთს წლების განმავლობაში ჰყავდა. მათი ძირითადი თამაშის სტილი უფრო მეტად დაცვით ფეხბურთზე და კონტრშეტევებზე იყო აგებული. ახლა, უფრო სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, დაცვიდან შეტევაში დროის მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში გადადიან. მაღალ პრესინგს თამაშობენ და არც სიხისტეს ერიდებიან.

რაც შეეხება სისუსტეს, ეს ალბათ გამორჩეული ლიდერის გარეშე თამაშია. ისეთის, როგორიც ჩვენს შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც თამაშის საკუთარ თავზე აღება და მატჩის გადაწყვეტა შეუძლია. ასევე, ტაქტიკურად მაინც და მაინც არ გამოირჩევიან, დაცვაშიც აქვთ პრობლემები, ტექნიკური თვალსაზრისით კი ჩვენ გაცილებით უფრო კარგი გუნდი გვყავს.

ორი კარგი ფეხბურთელი ახლა მწვრთნელის რანგში ხვდება ერთმანეთს. როგორ ტაქტიკურ დუელს ელოდები?

რთულია, წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ ტაქტიკას აირჩევენ მწვრთნელები და რა დავალებებს მისცემენ ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და იმას, თუ როგორ დაგეგმავენ მწვრთნელები ამ მატჩს. იმედი მაქვს, ვილი სანიოლი მეტოქეს აჯობებს და ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ.

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს თუ ელოდები?

დიდი ალბათობით, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, თუმცა ის, თუ რომელი ფეხბურთელი იქნება მზად ფინალის წინ, ეს მთავარმა მწვრთნელმა ყველაზე უკეთ იცის და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. მნიშვნელოვანია, ფეხბურთელების როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მზადყოფნა. ამავე დროს, ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება და ცვლილებებს უნდა ველოდოთ, მაგრამ გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი მიიღებს.

როგორ ფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სამომავლოდ რა წარმატების მოტანა შეუძლია საქართველოს ნაკრებისთვის, ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად საქართველოსთვის?

ამაზე არაერთხელ მიფიქრია და მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქართულ ფეხბურთს და მთლიანად ქვეყანას არაერთ სიკეთეს მოუტანს. ინტერესი ქართული ფეხბურთის მისამართით გაიზრდება. ფეხბურთელების უფრო მზარდი რაოდენობა ითამაშებს ევროპის მაღალი დონის ჩემპიონატებში. ქვეყანაში, უფრო მეტი ფინანსური რესურსი შემოვა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას.

ამ ყველაფრამდე მისასვლელად, ერთი ნაბიჯი გვაშორებს, იმედი მაქვს, რომ 26 მარტს, ამ ნაბიჯს გადავდგამთ, მთელი საქართველო იზეიმებს. აქედან ქართული ფეხბურთის ახალი ეპოქა და სამომავლო წარმატებები დაიწყება.

სხვა სტატიები